Accessibility links

კახაბერ საბანაძეს ნაღდი ფულის სახით 95 ათასი დოლარი აქვს შენახული


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, კახაბერ საბანაძეს ნაღდი ფულის სახით 95 ათასი დოლარი აქვს შენახული. ამის შესახებ ინფორმაცია მან რამდენიმე დღის წინ შევსებულ დეკლარაციაში ასახა.

როგორც ის დოკუმენტში უთითებს, ამ თანხის ნაწილი წინა სამსახურებიდან დანაზოგია, ნაწილი კი მშობლის საჩუქარი. რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, რათა საბანაძის პასუხი გაეგო, რატომ გადაწყვიტა 95 ათასი დოლარის ნაღდი ფულის სახით შენახვა. გარდა ამ კითხვისა, შსს-დან უპასუხოდ დარჩა, რომელ სამსახურებში დააგროვა მან ეს ფული, ან მშობელმა რამდენი აჩუქა.

ბოლო დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, საბანაძის ოჯახს საბანკო ანგარიშზე, დაახლოებით, 4,7 ათასი ლარი ჰქონდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მინისტრის მოადგილემ ხელფასის სახით 111 350 ლარი აიღო, მისმა ცოლმა, ანა ვახტანგიშვილმა, ეკონომიკის სამინისტროში მუშაობით 16 723 ლარი.

შსს-ს საიტზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის მიხედვით, საბანაძე 2004 წლიდან დღემდე სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა, გამონაკლისია რამდენიმე წელი. დეკლარაციის შევსება მას ბოლო სამი წლის განმავლობაში უწევდა. წინა ორ დეკლარაციაში კი მისი დანაზოგი ნაღდი ფულის სახით 96 ათასი დოლარი იყო.

კახაბერ საბანაძის მამა 2020 წლის 5 აპრილამდე ონის მერი იყო. როგორც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, მან თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა. მან ბოლოს დეკლარაცია 2019 წლის ოქტომბერში შეავსო. ამ დეკლარაციის მიხედვით, შვილის მსგავსად, მასაც აქვს დანაზოგი, 11 ათასი ლარი ნაღდი ფულის სახით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG