Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WHO გამოდის გაფრთხილებით კორონავირუსის მეორე ტალღის შესახებ


მსოფლიოს გარშემო ბევრი ქვეყანა თანდათან აუქმებს კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველ მკაცრ ზომებს, და ასეთ ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) გამოდის გაფრთხილებით, რომ ზომების ზედმეტად სწრაფად მოხსნას შესაძლოა "დაუყოვნებლივ მოჰყვეს მეორე პიკი".

ევროპის მასშტაბით ქვეყნები თანდათანობით უბრუნდებიან ნორმალური ცხოვრების ვითარებას - ისლანდიის პაბებში წვეულებები იმართება, ესპანეთში გამოცოცხლებაა სანაპიროებზე, გერმანიაში ჰიგიენის ნორმების დაცვით გაიხსნა სავარჯიშო დარბაზები და აუზები.

მსოფლიოს გარშემო აღრიცხულია ვირუსით ინფიცირების 5.5 მილიონამდე შემთხვევა, დაიღუპა 346,000 ადამიანი - თუმცა აღმოსავლეთ აზიის და ევროპის ბევრ ნაწილში, სადაც პანდემიის საწყის ეტაპზე ქვეყნებს დიდი ზარალი მიადგა, ვირუსის გავრცელება თითქოს იკლებს.

მაგრამ მსოფლიოს გარშემო კვლავაც დარჩენილია ვირუსის პირველი ტალღის კერები. WHO-ს საგანგებო ვითარებების განყოფილების ხელმძღვანელმა, მაიკ რაიანმა 25 მაისს აღნიშნა, რომ ვირუსი კვლავ გავრცელებულია ლათინური ამერიკის, სამხრეთ აზიის და აფრიკის ნაწილებში.

აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობა 1,66 მილიონ ადამიანს აღწევს, დაღუპულია თითქმის 100,000 ადამიანი. თუმცა ბიზნესისა და საზოგადოებრივი აქტივობისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ყველა შტატში დაიწყო, იმ ფონზე, როცა უმუშევრობამ ორნიშნა რიცხვს მიაღწია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG