Accessibility links

პეტრო პოროშენკო არ გამოცხადდა დაკითხვაზე გამოძიების სახელმწიფო უწყებაში


უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო 26 მაისს არ გამოცხადდა დაკითხვაზე გამოძიების სახელმწიფო უწყებაში, რომელიც იძიებს საქმეს კულტურული ფასეულობების საზღვარზე უკანონოდ გადატანის შესახებ.

ლაპარაკია პეტრო პოროშენკოს მიერ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით მსოფლიოში ცნობილი მხატვრების 43 ტილოს შეტანის შესახებ.

გამომძიებლებთან მისვლის ნაცვლად უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ, მარინა პოროშენკომ, ივან გონჩარის მუზეუმში გახსნეს პირადი კოლექციის გამოფენა: „კარანტინის დასრულების შემდეგ ათობით ათას უკრაინელს ექნება შესაძლებლობა, გაეცნონ მსოფლიო ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებს, რომლებსაც ჩვენ რუდუნებით ვაგროვებდით. ეს მოხდა ომამდე დიდი ხნით ადრე, ჩვენ გვინდოდა უკრაინაში და უკრაინელი ხალხისთვის დაგვებრუნებინა ის, რაც მათ კანონიერად ეკუთვნით“, - განუცხადა ჟურნალისტებს 26 მაისს პეტრო პოროშენკომ.

გავრცელებული ცნობით, გამოფენაზეწარმოდგენილია ასევე საბაჟო დეკლარაციები ყველა, 43-ივე სურათზე, მათი დასახელება და შესაბამისი საბანკო ამონაწერი, რომელიც ადასტურებს პოროშენკოს პირადი ანგარიშიდან ყველა გადასახადის სახელმწიფოსთვის გადახდას.

ერთი კვირის წინ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიმართ აღძრა საქმე სახელმწიფო ღალატის მუხლით. ამის საფუძვლად იქცა პეტრო პოროშენკოსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელიც „ვერხოვნა რადას“ არაფრაქციულმა დეპუტატმა, ანდრეი დერკაჩმა, 19 მაისს გამოაქვეყნა იმის საჩვენებლად, რომ „უკრაინას ჯო ბაიდენი მართავდაო“.

სატელეფონო საუბრის ვიდეოჩანაწერს „ფეიკი“ და „რუსული პროვოკაცია“ უწოდა უკრაინის ექსპრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ. „ჯო ბაიდენი უკრაინის მეგობარი და მოკავშირეა და ჩვენ მისი მადლიერი უნდა ვიყოთო“, - განაცხადა მან.

სკანდალური აუდიოჩანაწერი თავის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ყურადღებიდან არც ვოლოდიმირ ზელენსკის გამორჩენია.

„რაც შეეხება ბატონ პოროშენკოს განაჩენს... დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. ხომ ნახეთ გუშინდელი სკანდალი? ისინი ისე მართავდნენ ხელისუფლებას, რომ, ვფიქრობ, მათ სხვა მრავალი თავგადასავალი და არაერთი განაჩენი ელოდებათ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტობის რეალური კანდიდატის, ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბი, სადაც „დერკაჩის ლენტას“ უწოდეს „გაგრძელება ადრინდელი მცდელობისა, ზიანი მიაყენონ აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG