Accessibility links

კარანტინის დასრულების პლეილისტი


დროდადრო თემატურ პლეილისტებს გაგიკეთებთ ხოლმე. ეს იმაზეა, როგორ გეცვლება ხასიათი კარანტინის დასრულების შემდეგ.

დასაწყისისთვის ჯორჯ მაიკლის სიმღერით დავიწყებთ - „წამო, გარეთ გავიდეთო“, გვეძახის. მართალია, კლიპი იდეაში სულ სხვა რამეზეა - ირონიული პასუხია მომღერლის სკანდალზე, მაგრამ მაინც მშვენივრად გამოგვადგება.

9 საათის მერე გარეთ ყოფნა თავიდან ცოტა არარეალური განცდაა. შეგიძლია არ იჩქარო. ნაბიჯი შეანელო. წყნარად ჩაისუნთქო და ამოისუნთქო. ჩიტივით თავისუფალი ხარ.

მერე ცოტა მხრების გაშლა გინდება. ცხადია, დისტანცია ახლაც უნდა შეინარჩუნო და არც მანქანა უნდა აბღუილო რეგვენივით, მაგრამ მარტოკა კუნტრუშს არავინ გიშლის. ამაში კი ძველი და ნაცადი „ფრისტაილერი“ შეგიწყობს ხელს.

მეგობარი შეგხვდა? ერთად გააგრძელეთ კუნტრუში. ოღონდ, რა თქმა უნდა, ორმეტრიანი დისტანციით. ეგ, პირიქით, უკეთესიცაა. უფრო გაშლილად იმოძრავებთ და მეტ სივრცეს მოიცავთ. მორჩა, თქვენია ქალაქი - საუნდტრეკად ჯეი-ზი და რიანა გვაქვს.

მაგრამ, თავდაპირველი ეიფორია ნელ-ნელა გადის. ხვდები, რომ მაინცდამაინც არც არაფერი შეცვლილა. მხოლოდ ბოლო დროს კი არა, ბოლო კაი ხანს. აი, ჯერ კიდევ როდის იყო, „პრიზი“ რომ ღამის თბილისს უმღეროდა. შეეძლოთ 1992 წელს კი არა, 2002 წელს დაეწერათ ეს ტრეკი. ან, რავი, გუშინ.

და ბოლოს იქ მივდივართ, სადაც გულწრფელი პლეილისტების უმეტესობა მთავრდება ხოლმე. შეკითხვასთან - „ესაა სულ?“ ამას კი პასუხი პეგი ლიმ ჯერ კიდევ როდის გასცა. პასუხია - კი, სულ ესაა. ამიტომ, მოდი, ვიცეკვოთ.

დაწერეთ კომენტარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG