Accessibility links

site logo site logo

ბიბილოვმა პუტინს მიბაძა


ანატოლი ბიბილოვი და ვლადიმირ პუტინი (საარქივო ფოტო)

ოკუპირებულ ცხინვალში, მოსკოვის მსგავსად 24 ივნისს ჩატარდება დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი. ეს გადაწყვეტილება დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც 26 მაისს, ვლადიმირ პუტინმა გასცა ბრძანება, დაიწყოს მზადება 24 ივნისს, მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში სამხედრო აღლუმის ჩასატარებლად.

თავდაცვის მინისტრ შოიგუსთან შეხვედრის დროს პუტინმა თქვა, რომ 1945 წლის 24 ივნისს, მოსკოვის წითელ მოედანზე ჩატარდა გამარჯვებულების ლეგენდარული, ისტორიული აღლუმი.

ცხინვალში სამხედრო აღლუმის დანიშვნის მიუხედავად, გაუგებარია, დაესწრება თუ არა მას თავად ბიბილოვი. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ანატოლი ბიბილოვმა მიიღო მოსკოვში აღლუმზე დასასწრებად ვლადიმირ პუტინის მიწვევა.

რუსეთში გამარჯვების დღეს, 9 მაისს დაგეგმილი სამხედრო აღლუმი კორონავირუსის ეპიდემიის გამო გადაიდო. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე მიმდინარეობდა აღლუმის რეპეტიციები. მასში მონაწილე ათეულობით კურსანტი კორონავირუსით დაინფიცირდა.

რუსეთი აშშ-ის და ბრაზილიის შემდეგ მესამე ადგილზეა კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში უკვე დაინფიცირდა 362 000-ზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილია 3800-ზე მეტი.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას დადასტურებული აქვს კორონავირუსის 36 შემთხვევა. ყველა ინფიცირებული რუსეთიდან დაბრუნებული პირია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG