Accessibility links

მაკა სოლოღაშვილი: ბოჭორიშვილის კლინიკაში პლაქვენილით მკურნალობისას გართულება არ გვქონია


მაკა სოლოღაშვილი

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, კლინიკაში კოვიდ-19-ით ინფიცირებულების პლაქვენილით მკურნალობის პრაქტიკაში გართულება, მათ შორის გულსისხლძარღვთა სისტემის კუთხით არ დაფიქსირებულა. ექიმის თანახმად, პლაქვენილის მკურნალობის ფონზე პაციენტებში ზოგჯერ შეიმჩნეოდა ვირუსის ელიმინაციის დაჩქარება, თუმცა მისი აზრით, არსებული სტატისტიკა ცოტაა იმისთვის, რომ დასკვნები გაკეთდეს:

„საბოლოო რაოდენობას, ერთიან მოცულობას ერთიანად, რა თქმა უნდა, შეისწავლის ჩვენი სამეცნიერო კლინიკური გუნდი და დადებს დასკვნას“, - უთხრა ჟურნალისტებს მაკა სოლოღაშვილმა. მისი თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში პლაქვენილს კლინიკაში აღარ იყენებენ, მანამდე კი პლაქვენილით მკურნალობის საკითხი ექიმის გადაწყვეტილებით, ინდვიდუალურად განიხილებოდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სოლიდარობის კვლევიდან“ მედიკამენტი „ჰიდროქსიქლოროქინი“ („პლაქვენილი“) დროებით ამოიღო.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 25 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, პაციენტებში, რომელთაც ჰიდროქსიქლოროქინი/ქლოროქინით („პლაქვენილით“) მკურნალობდნენ, სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 732-დან 735-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 20 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი ამჟამად 557-ია.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 391-ით აჭარბებს ე.წ. აქტიურ შემთხვევებს, გარდაცვლილია 12 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG