Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩუვაშეთის ავტონომიის ყოფილი თავკაცი რუსეთის პრეზიდენტს სასამართლოში უჩივის


რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩუვაშეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მიხაილ იგნატიევმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა თანამდებობიდან 2020 წლის 29 იანვარს დაითხოვა, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება.

„ჩუვაშეთის რესპუბლიკის მეთაურის უფლებამოსილების ვადამდე შეჩერების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ნომერ 68 განკარგულების გასაჩივრების შესახებ“, - აღნიშნულია რუსეთის უზენაესი სასამართლოს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქმე განსახილველად გადაეცა ადმინისტრაციული საქმეების სასამართლოს კოლეგიას.

ვლადიმირ პუტინმა 29 იანვარს დაითხოვა თანამდებობიდან ჩუვაშეთის რესპუბლიკის გუბერნატორი, ნდობის დაკარგვის ფორმულირებით. ამის მიზეზი გახდა პოლიტიკოსის მონაწილეობით მომხდარი ორი საჯარო სკანდალი. თავდაპირველად რუსეთისა და ჩუვაშეთის მედიისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე იგნატიევმა უცენზუროდ მოიხსენია ჟურნალისტები, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ.

მეორედ საჯარო სივრცეში მოხვდა ვიდეო, რომელზეც იგნატიევი ახალი სახანძრო მანქანის გასაღებს აწვდის მეხანძრეს, რომელსაც აიძულებს, რომ ძაღლივით იხტუნაოს გასაღების გამოსართმევად.

ამ ფაქტის კომენტირების დროს, კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი დაუშვებლად მიიჩნევს "ხელისუფლების მხრიდან ადამიანების მიმართ გამოვლენილ ნებისმიერ უპატივცემულობას".

უმუშევრად დარჩენილი მიხაილ იგნატიევი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა იგი კანონის დარღვევით გაათავისუფლა თანამდებობიდან.

რუსეთის კანონმდებლობით, ნდობის დაკარგვის გამო გუბერნატორის თანამდებობიდან გათავისუფლება ხდება იმ შემთხვევაში, თუ მოხელე მხილებული იქნება კორუფციულ დანაშაულსა და ინტერესთა კონფლიქტში და მის მიმართ დადგება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

ოთხშაბათს სააგენტო „რია-ნოვოსტისათვის“ ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი პუტინის განკარგულების გაუქმების შესახებ, მაგრამ უარი უთხრა მოსარჩელეს კომპენსაციის საკითხის განხილვაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG