Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: სექტემბრის ბოლოსთვის ქვეყანა შეძლებს დღეში 10 000 PCR ტესტირების ჩატარებას


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის უწყებას მიღებული აქვს დავალება, რომ შემოდგომამდე, სექტემბრის ბოლომდე ქვეყანას შეეძლოს დღის განმავლობაში 10 000 PCR ტესტის ჩატარება. პარლამენტის წინაშე კოვიდ-19-ის მართვის სამთავრობო სტრატეგიაზე საუბრისას მან განაცხადა, რომ დღეისათვის ყოველდღიურად საშუალოდ 25000 ტესტი ტარდება, უახლოეს პერიოდში კი ამ რაოდენობის 3 000-მდე გაზრდა იგეგმება. მისივე განმარტებით, საწყის ეტაპზე ოქროს სტანდარტის მხოლოდ 72-75 ტესტი ტარდებოდა:

„როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნას და ეკონომიკის ამოქმედებას, აქ პარალელურად პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ ამას მიჰყვება, როგორც ჯანდაცვის სისტემის მზაობა, ასევე ლაბორატორიული ქსელების მზაობა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე გამოდის ანგარიშით, თუ როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდება.

საქართველოში 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს გაუქმდა. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანით, პარლამენტმა მთავრობას 15 ივლისამდე მისცა სხვადასხვა შეზღუდვის დაწესების უფლება. ოპოზიციამ ეს საკანონმდებლო ცვლილებები შეაფასა კონსტიტუციის და საერთაშორისო კონვენციების დარღვევად. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ კანონში შეტანილი ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG