Accessibility links

ზალკალიანი უკრაინაში ელჩის დაბრუნებაზე: დავაკვირდებით სააკაშვილის განცხადებებს საქართველოს მიმართ


დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვერ აკონკრეტებს, როდის დაუბრუნდება სამუშაო ადგილს კიევში უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე. საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, პროცესი სავარაუდოდ დიდხანს არ გაიწელება:

„მე გუშინ მქონდა კარგი კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, მომილოცა დამოუკიდებლობის დღე, ასევე უკრაინის ვიცე-პრემიერმა, რომელიც ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მასთანაც მქონდა კარგი კომუნიკაცია. ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდება და ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან კომენტარში საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. მისი თქმით, დააკვირდებიან ასევე მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს საქართველოს მიმართ:

„მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის ოფიციალური პირი, დავაკვირდებით, როგორი იქნება მისი განცხადებები საქართველოსთან მიმართებაში და ბუნებრივია, ყველაფერი ეს იქნება ჩვენს ურთიერთობებში უაღრესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა, რომლის თანახმადაც, უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება, თუმცა საქართველოს ექსპრეზიდენტის დანიშვნამ თანამდებობაზე გარკვეული პრობლემები შექმნა და მათ გასააზრებლად საჭიროა სერიოზული მსჯელობა ელჩთან, რაც, მისი თქმით, უკვე კეთდება:

„ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება იყო სუვერენული უფლებების პატივისცემაზე, მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემაც ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილია. ამიტომ როდესაც სუვერენიტეტის უპატივცემულობაზეა საუბარი, ამას ვგულისხმობთ, რომ მართლმსაჯულების ნაწილი არის უგულებელყოფილი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. მისი თქმით, გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინის ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, მათ შორის, პარლამენტის წარმომადგენლებისგან გაკეთდა, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების შესაბამისად, არამეგობრული იყო.

კიევიდან ელჩი კონსულტაციისთვის მას შემდეგ გამოიძახეს, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის საკითხი არ განიხილება, თუმცა, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა შეკითხვებს იწვევს და საჭიროა ელჩთან კონსულტაცები.

ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე საქართველოში 11 მაისს დაბრუნდა, თუმცა ორი კვირის განმავლობაში კარანტინში იყო. კარანტინის შემდეგ კონსულტაციებზე საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველად იგი 25 მაისს მივიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG