Accessibility links

თეთრი შური იცით, რა არის? – ამირან გამყრელიძე ლუგარის ცენტრზე რუსეთს პასუხობს


თეთრი შური იცით, რა არის? - ასე პასუხობს რუსეთის ბრალდებებს ამერიკული დაფინანსებით შექმნილ ლუგარის ლაბორატორიაზე ამირან გამყრელიძე, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი.

"სანამ ამ ცენტრში შესაძლებლობები გვექნებოდა ზოგიერთ ინფექციებზე კვლევის, რომელსაც ადრე ვაგზავნიდით დასადასტურებლად რუსეთში - იყო ასეთი პერიოდი, მაგალითად, პოლიომელიტისთვის უნდა გაგეგზავნათ მოსკოვში, წითელასთვის, გრიპისთვის და გრიპის მაგვარი დაავადებებისთვის უნდა გაგეგზავნათ სანკტ-პეტერბურგში", - ამბობს გამყრელიძე და განაგრძობს: "დღეს ეს არაა საჭირო, რადგან ყველაფერი აქ კეთდება და კიდევ მეტი. ამიტომ, ესაა - რატომაა საქართველოს ორიენტაცია ევროპული, ჩრდილოატლანტიკური და არ არის ჩრდილოეთის".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 მაისს გავრცელა ცნობა, რომელშიც საგარეო უწყება კვლავ გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოში მდებარე ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრში მიმდინარე „სამხედრო-ბიოლოგიური“ საქმიანობის თაობაზე და მოითხოვს საქართველოსგან „ურთიერთმისაღები პირობებით“ ლუგარის ცენტრში რუსეთის პროფილური ექსპერტების დაშვებას.

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბრალდებებს მხოლოდ პოლიტიკური სარჩული აქვს - თუ რატომაა აშშ საქართველოს მთავარი პარტნიორი:

"დიახ, ჩვენი პარტნიორი არის აშშ და მადლობას ვუხდი აშშ-ის მთავრობას, რომ ასეთი უზარმაზარი დახმარება გაუწიეს საქართველოს - როცა შეიქმნა დიდი, ერთიანი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ლაბორატორიული ზედამხედველობის კომპლექსი, რომელსაც სათავეში უდგას ლუგარის ცენტრი. 22 ლაბორატორიაა ქვეყანაში მათი დახმარებით შექმნილი. გადაამზადეს დიდი რაოდენობით ადამიანები".

გამყრელიძის თქმით, დღეს, ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს, კარგად გამოჩნდა, თუ რაოდენ დიდ როლს ასრულებს NCDC და ლუგარის ლაბორატორია.

წაიკითხეთ: 4 მიზეზი, როგორ მოიგო ლუგარის ლაბორატორიამ დრო კორონავირუსთან ბრძოლაში

რუსულ მედიას წლებია, ლუგარის ცენტრი დეზინფორმაციის მიზანში ჰყავს ამოღებული. რუსული პროპაგანდა სხვადასხვა დროს ამტკიცებდა, რომ საქართველოს მოქალაქეებზე ამერიკელები ექსპერიმენტებს ატარებენ; ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ; აფხაზეთში ზიკას ვირუსით დაინფიცირებულ კოღოებს თუ აზიურ ფაროსანას ავრცელებენ; ცხინვალის რეგიონში - ღორის გრიპს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG