Accessibility links

აშშ: დაკავების მცდელობისას მოკლული შავკანიანი მამაკაცის და მოითხოვს პოლიციელთა გასამართლებას


U.

აშშ-ის მინესოტის შტატში პოლიციის მიერ დაკავების მცდელობისას მოკლული შავკანიანი მამაკაცის და მოითხოვს, რომ პოლიციელები მკვლელობისთვის გასამართლდნენ.

შავკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს ფართო მასშტაბის საპროტესტო გამოსვლები და პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოჰყვა 26 მაისს.

პროტესტის ტალღა მოჰყვა თვითმხილველის მიერ გადაღებულ ვიდეოს, რომელზეც ჩანს, როგორც აჭერს პოლიციელი ჯორჯ ფლოიდს კისერზე მუხლს, ეს უკანასკნელი კი მიწაზე წევს და შველას ითხოვს, ბოლოს კი მოძრაობას წყვეტს. პოლიციის ინფორმაციით, ფლოიდი იმავე დღეს, 25 მაისს, გარდაიცვალა საავადმყოფოში.

ფლოიდის სიკვდილიდან მეორე დღეს სამსახურიდან დაითხოვეს ინციდენტში მონაწილე ოთხი პოლიციელი. ჯორჯ ფლოიდის დამ, ბრიჯეტ ფლოიდმა 27 მაისს NBC-ის ეთერში მოითხოვა, რომ პოლიციელები მკვლელობისთვის უნდა გასამართლდნენ, ვინაიდან „ესაა ზუსტად, რაც მათ ჩაიდინეს“.

მინეაპოლისის პოლიციამ განაცხადა, რომ პოლიციელები მოქმედებდნენ სავარაუდო თაღლითობის საქმის ფარგლებში და რომ ფლოიდმა მათ „ფიზიკური წინააღმდეგობა“ გაუწია.

FBI-მ და მინესოტის ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყეს 46 წლის მამაკაცის სიკვდილთან დაკავშირებით.

ათასობით ადამიანი შეიკრიბა ინციდენტის ადგილზე. მრავალი მათგანი მარშით გაემართა პოლიციის განყოფილებისკენ. პოლიციის შენობის დაზიანებისა და პოლიციის ავტომობილებზე საღებავის შესხურების შემდეგ დემონსტრანტებს პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები დაუპირისპირდნენ ცრემლმდენი გაზითა და რეზინის ტყვიებით.

ფლოიდის სიკვდილმა კვლავ გაამწვავა დაძაბულობა პოლიციის მხრიდან უმცირესობებისადმი მოპყრობის გამო. კვლავ იხსენებენ ერიკ გარნერს, რომელიც პოლიციელმა მოგუდვით მოკლა 2014 წელს ნიუ-იორკში, როცა მას დაუბეგრავი სიგარეტებით ვაჭრობისთვის აპატიმრებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG