Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია 8 მარტის შეთანხმებაზე: პრიორიტეტია გამჭვირვალე არჩევნები და სამართლიანი კონკურენცია


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და გუნდი უკან არ დაიხევს იმ ვალდებულებების შესრულებისგან, რომელიც მას აქვს აღებული. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულების, კერძოდ, გიორგი რურუას პატიმრობიდან გამოსვლის საკითხზე დასმული შეკითხვის პასუხად, დეპუტატ ელენე ხოშტარიას მან უთხრა, რომ ამ ეტაპზე ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი არის „უკიდურესად გამჭვირვალე“ არჩევნები და სამართლიანი კონკურენცია, რისთვისაც საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაა საჭირო.

„ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივიღოთ ეს საკანონმდებლო ცვლილებები“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მან დეპუტატ ელენე ხოშტარიას უთხრა, რომ ისინი პოლიტპატიმრების საკითხზე ვერასდროს შეთანხმდებიან:

„სამწუხაროდ, ეს არის ფუნდამენტური პრობლემა, რომელსაც არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი და სულ მალე ეს ყველაფერი გამოჩნდება და დალაგდება, მე ამაში დარწმუნებული ვარ იმიტომ, რომ არანაირი შეგრძნებაც არა მაქვს იმის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და გუნდი უკან დაიხევს იმ ვალდებულებებისგან, რომელიც მას აღებული აქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს, 27 მაისს, პარლამენტის წინაშე გამოვიდა ანგარიშით, თუ როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში. სხდომა პარლამენტში ამ წუთებშიც გრძელდება. პრემიერ-მინისტრი დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს.

2020 წლის არჩევნების ახლებური საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ.

8 მარტის შეთანხმების პირველი ნაწილის თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციისა და საერთაშორისო ფასილიტატორების თანახმად, შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებდა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე 8 მარტის შეთანხმება შესრულებულად არ ჩაითვლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG