Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია 20 ივნისის შესახებ: ვფიქრობ, ამას გარკვეული ნათელი სულ უფრო და უფრო მოეფინება


2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შესახებ პრემიერ-მინისტრს ჰკითხა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ.

„სამართლებრივი პროცესია, სხვა ყველაფერი არის მორალი. არ მინდა მორალში შესვლა, სხვა რამეზე ვსაუბრობთ. სამართლებრივი პროცესია დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ან არმინიჭება. მე ვთვლი, რომ სრულად არის შესაბამისი სახელმწიფო სისტემების პრეროგატივა და ამ ნაწილში ჩემი სუბიექტური შეფასება, ეკუთვნის თუ არა, აქ არ შევალ. სხვა ყველაფერი არის მორალური კომპონენტი, რომელსაც მე არ შევაფასებ, რამდენჯერმე მაქვს შეფასებული. არც იმას ვიტყვი, პასუხისმგებლობები, ვალდებულებები დაზარალებული ადამიანების მიმართ სახელმწიფოს, მეც პირადად, ორივე მხრიდან რამხელაა, ან ამ მორალურ ვალდებულებებს ჩვენ რას ვუშვრებით. მე ვფიქრობ, რომ ამაზე ბევრი ითქვა უკვე. რა თქმა უნდა, ეს არ არის გავლილი თემა, ეს იქნება მუდმივი შემადგენელი ნაწილი წარსულის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამას გარკვეული ნათელი სულ უფრო და უფრო მოეფინება“, - ამბობს გახარია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, პროკურატურამ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაშავებულ 23 პირს, რომელთა ინტერესებს საია იცავს, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე ისევ უარი უთხრა. პროკურატურის უარს საია სასამართლოში ასაჩივრებს და დაზარალებული პირებისათვის შესაბამისი სამართლებრივი სტატუსის მინიჭებას მოითხოვს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ დაზარალებულის სტატუსის ოფიციალურად მინიჭების გარეშე, აღნიშნული პირები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, ეფექტიანად იყვნენ ჩართულნი სამართალწარმოების პროცესში, გაეცნონ საქმის მასალებს და გააკონტროლონ, რამდენად ქმედითია ის ნაბიჯები, რასაც პროკურატურა საქმის დროული გამოძიებისათვის დგამს.

20 ივნისის აქციის დაშლისას დაშავდა 240 ადამიანი, მათგან 80 პოლიციელი, 34 ჟურნალისტი. დაშავებულთა ნაწილს რეზინის ტყვია სახეში მოხვდა. ორმა დაშავებულმა თვალი დაკარგა, სხვა ორი ადამიანი მართვით სუნთქვაზეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG