Accessibility links

Amnesty International: აზერბაიჯანის ხელისუფლება პანდემიას ოპონენტების დევნისთვის იყენებს


აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიით ისარგებლა და დევნის ფართომასშტაბიანი კამპანია გააჩაღა პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო აქტივისტების და დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ. ამის შესახებ 27 მაისს განაცხადა საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა. მისი ინფორმაციით, იდევნებიან ისინიც, ვინც კორონავირუსთან საბრძოლველად მთავრობის მიერ მიღებულ ზომებს აკრიტიკებენ.

აზერბაიჯანის საპატიმროებში COVID-19-ის გავრცელების გამო მზარდი შეშფოთების ფონზე, ხელისუფლება არათუ განიხილავს პოლიტიკური მოტივით გასამართლებული სულ მცირე ასი პირის გათავისუფლებას, არამედ პანდემიასთან ბრძოლის საბაბით, გისოსებს მიღმა ცინიკურად უშვებს სულ უფრო მეტ კრიტიკოსს - განაცხადა Amnesty International-ის სამხრეთ კავკასიის საკითხთა მკვლევარმა ნატალია ნოზაძემ.

საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება საკუთარ განზრახვას არც კი მალავს. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჯერ კიდვ 19 მარტს, როცა პანდემიის პერიოდში ახალი წესების შემოღებაზე საუბრობდა, განაცხადა, რომ აპირებს პოლიტიკური არენა გაწმინდოს ოპოზიციისგან და მის წარმომადგენლებს უწოდა მოღალატეები და „მეხუთე კოლონა“.

მას შემდეგ ცრუ ბრალდებებით დააპატიმრეს პრეზიდენტის რამდენიმე პოლიტიკური მოწინააღმდეგე და სამოქალაქო აქტივისტები. მათ შორის ტოფიგ იაგუბლუ და ელჩინ მამედი.

Amnesty International-ი წერს, რომ გისოსებს მიღმა აღმოჩნდა კიდევ ათზე მეტი ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რომლებმაც გაბედეს კორონავირუსის წინააღმდეგ ხელისუფლების მოქმედების გაკრიტიკება. მათ გამოგონილი ბრალდებების საფუძველზე, 10-დან 30-დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დაემუქრა. მთავრობის მიერ მიღებული ზომების შესახებ კრიტიკული რეპორტაჟების გამო, თავისუფლება აღუკვეთეს სულ მცირე 4 ჟურნალისტს.

აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „სახალხო ფრონტის“ ინფორმაციით, შეთითხნილი ბრალდებით, 30 დღით დააპატიმრეს პარტიის 15 აქტივისტი. ერთ-ერთი მათგანი, 16 აპრილს დაკავებული ნიამედინ ახმედოვი, 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ისევ დააკავეს ნარკოდანაშაულის ყალბი ბრალდებით.

Amnesty International-ი არსებულ გარემოებებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ახმედოვის დევნას პოლიტიკური ხასიათი აქვს. აქტივისტს უარი ეთქვა ადვოკატის შერჩევაზეც. საერთაშორისო ორგანიზაცია ახმედოვის და პოლიტიკური მოტივით დაკავებული სხვა აქტივისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

აზერბაიჯანის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში COVID-19-ის შემთხვევების გათვალისწინებით, დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები ინფიცირების მაღალი რისკის წინაშე არიან. 15 მაისს, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საპატიმროებში კორონავირუსის 46 შემთხვევა დაადასტურა, თუმცა, ადგილობრივი უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება გავრცელების მასშტაბს ხელოვნურად ამცირებს.

Amnesty International-ი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის პანდემიამდეც პატიმრების ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ციხეების გადატვირთულობა და არასათანადო სანიტარული პირობები და ეს საფრთხე სულ უფრო იზრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG