Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გაუმჯობესდა კოვიდ-19-ის მქონე 3 მძიმე ავადმყოფის მდგომარეობა


გაუმჯობესებულია კოვიდ-19-ით ინფიცირებული 3 ავადმყოფის მდგომარეობა, თუმცა მათგან ერთი პაციენტი კვლავ საყურადღებოდ ითვლება, - აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა:

„3 მძიმე ავადმყოფის დინამიკაც არის გაუმჯობესებული. შეიძლება ითქვას, რომ ამ სამიდან ერთის მდგომარეობა ჯერ კიდევ საყურადღებოა, დანარჩენი 2-ის მდგომარეობა დინამიურად გაუმჯობესებულია სუბიექტური გამოკვლევებით, რადიოლოგიური მონაცემებითაც და კლინიკური გაფართოებული კვლევებითაც, რაც პროგნოზის კეთილსაიმედოობაზე ლაპარაკობს“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ. მისი თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით 32 პაციენტი მკურნალობს.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 735-დან 738-მდე გაიზარდა. მარინა ეზუგბაიას თანახმად, ამ შემთხვევებიდან ერთი სატვირთოს მძღოლია, რომელიც კარანტინში იმყოფებოდა, დანარჩენი ორი კი არსებული დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 16 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი ამჟამად 573-ია.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 420-ით აჭარბებს ე.წ. აქტიურ შემთხვევებს.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 12 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG