Accessibility links

ყაზახეთში საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება „საპარლამენტო ოპოზიციის“ სტატუსი


ყაზახეთის პარლამენტმა 28 მაისის სხდომაზე მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ადგენს ცნებას „საპარლამენტო ოპოზიცია“, განსაზღვრავს მის სტატუსს და სამართლებრივ მდგომარეობას.

დოკუმენტი უფლებას აძლევს უმცირესობაში შემავალი საპარლამენტო პარტიის დეპუტატებს, სიტყვით გამოვიდნენ ორივე პალატის ერთობლივ შეხვედრაზე და გამოვიდნენ ინიციატივით საპარლამენტო მოსმენის ჩატარების შესახებ.

"პარლამენტისა და მისი დეპუტატების სტატუსის" შესახებ საკონსტიტუციო კანონის ცვლილებებს ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.

რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ცნობით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების ერთ-ერთმა ინიციატორმა, ყაზახეთის მეჯლისის წევრმა, დეპუტატმა აზატ პერუშაევმა განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტის შემუშავება ქვეყნის პრეზიდენტის დავალებით მოხდა.

„აღნიშნული პროექტის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ამით სამართლებრივ სივრცეში შემოგვაქვს ტერმინი „ოპოზიცია“, რაც მანამდე არ გვქონია“, - განაცხადა კანონპროექტის კომენტირებისას აზატ პერუშაევმა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა გასული წლის დეკემბერში წამოაყენა წინადადება ყაზახეთში „პოლიტიკური ცვლილებების თაობაზე“ და მოუწოდა პარლამენტარებს, რომ საკანონმდებლო დონეზე „განესაზღვრათ პარლამენტში პოლიტიკური უმცირესობის უფლება“ და გაემარტივებინათ პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის წესი.

ყაზახეთში ამჟამად რეგისტრირებულია მხოლოდ ექვსი პარტია, რომელთაგან პარლამენტში წარმოდგენილია სამი. ესაა მმართველი „ნურ ოტანი“, რომლის ლიდერიც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევია, ასევე პროსახელისუფლებო პარტიები „აკ ჟოლი“ და ყაზახეთის სახალხო-კომუნისტური პარტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG