Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ცქიტიშვილი: საქართველო ცალკე რუსეთთან ვერ განიხილავს სპეციალიტების ლუგარის ცენტრში შეშვების საკითხს


წლების განმავლობაში რუსეთის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით პროვოცირება გრძელდება, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მედიასთან საუბარში. მისი სიტყვებით რომ არ არსებულიყო ლუგარის ცენტრი საქართველო ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა კოვიდთან ბრძოლაში.

„რაც შეეხება ასეთი რუსული ნარატივის გავრცელებას და პროპაგანდას, რომ ლუგარის ცენტრი შესაძლო საფრთხეს შეიცავს, ამაზე არაერთხელ ჰქონდათ საშუალება საერთაშორისო ექსპერტებს გაცნობოდნენ, რაც კეთდება ლუგარის ცენტრში“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება ლუგარის ცენტრში რუსი სპეციალისტების შეშვების საკითხს, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, ეს საკითხი ცალკეულ ქვეყანასთან ურთიერთობის ნაწილი ვერ გახდება „მით უმეტეს რუსეთთან“.

„რა თქმა უნდა საერთაშორიოს ორგანიზაციებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან თანაშრომლობის ნაწილში ყველასთვის არის ღია ლუგარის ცენტრი“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მას შემდეგ, რაც ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 26 მაისს გაკეთებულ კომენტარზე საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თბილისი მზადაა, ლაბორატორიის მუშაობის გასაცნობად მოიწვიოს რუსეთის სპეციალისტები, თავის მხრივ განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო-პოლიტიკურმა უწყებამ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ლუგარის ცენტრის მონახულებისას რუს სპეციალისტებს ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად შენობის ყველა კორპუსში დაშვების უფლება უნდა მიეცეთ. რუსეთი ამ ლაბორატორიის ნებისმიერ დოკუმენტზე წვდომასაც ითხოვს. „სწორედ ასეთი ფორმატი მოგვცემდა საშუალებას უზრუნველვყოთ რეალური შემოწმება“ - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 მაისს გაავრცელა ცნობა, რომელშიც საგარეო უწყება კვლავ გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოში მდებარე ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრში მიმდინარე „სამხედრო-ბიოლოგიური“ საქმიანობის თაობაზე და მოითხოვს საქართველოსგან „ურთიერთმისაღები პირობებით“ ლუგარის ცენტრში რუსეთის პროფილური ექსპერტების დაშვებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG