Accessibility links

ჩინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ჰონგ-კონგის წინააღმდეგ მიმართულ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტს


FILE

28 მაისს ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრებამ (საკანონმდებლო ორგანომ) მიიღო „კანონი უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც კრძალავს საპროტესტო აქციების ჩატარებას ჰონგ-კონგში და ავტონომიური ქალაქის ტერიტორიაზე მოქმედების უფლებას აძლევს ჩინეთის პოლიციისა და სპეცსამსახურის ადგილობრივ „ფილიალებს“.

კანონის თანახმად სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდება მოწოდებები ჰონგ-კონგის ჩინეთიდან გამოყოფასთან დაკავშირებით. კანონი მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დროშისა და ჰიმნის შეურაცხყოფისთვის. დამნაშავე დაისჯება 6,5 ათასი დოლარის ჯარიმით ან პატიმრობით 3 წლამდე ვადით.

ტელეკომპანია CNN -ის თანახმად, ჩინეთის ხელისუფლება აპირებს ეს კანონი აამოქმედოს ჰონგ-კონგის საქალაქო ხელისუფლების გვერდის ავლით, როგორც ჩინეთის კონსტიტუცია, რომელიც სავალდებულო შესასრულებელია ყველა რეგიონის, მათ შორის ჰონგ-კონგისთვის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, კანონის მიღებამდე განაცხადა, რომ ამ კანონის ძალით ჩინეთი საბოლოოდ შელახავს ჰონგ-კონგის ავტონომიას.

„ადგილზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ჰონგ-კონგი ჩინეთისგან ავტონომიური უკვე აღარ არის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჰონგ-კონგის მოსახლეობას“, - დაწერა პომპეომ „ტვიტერში“.

კანონის მიღებამდე ჰონგ-კონგში გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის 100-ზე მეტი მონაწილე პოლიციამ დააკავა. მოგვიანებით პოლიციაში განაცხადეს, რომ დაკავებულია 240 კაცი.

მე-19 საუკუნის შუა წლებში, ოპიუმის პირველ ომში ჩინეთის დამარცხების შემდეგ, ჰონგ-კონგი გახდა დიდი ბრიტანეთის კუთვნილება და საუკუნე-ნახევრის განმავლობაში აზიის უმსხვილეს სავაჭრო-საფინანსო ცენტრად იქცა.

მე-20 საუკუნის ბოლოს ჩინეთი ხანგრძლივ მოლაპარაკებებს აწარმოებდა დიდ ბრიტანეთთან ჰონგ-კონგის დასაბრუნებლად. ქალაქი, თავისი ლიბერალური საბაზრო ეკონომიკითა და მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემით, გადავიდა ავტორიტარული სახელმწიფოს კონტროლქვეშ, ოღონდ ჰონგ-კონგს მიეცა პირობა, რომ შეინარჩუნებდა უმაღლესი ხარისხის ავტონომიას ლოზუნგით - „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“.

კერძოდ, ჰონგ-კონგს მიეცა გარანტია, რომ 1997 წლიდან, 50 წლის განმავლობაში, შენარჩუნებული ექნება თავისი სოციალური, იურიდიული და პოლიტიკური სისტემა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG