Accessibility links

მინეაპოლისის მერი პოლიციელის მიმართ საქმის აღძვრას მოითხოვს შავკანიანი მამაკაცის სიკვდილის საქმესთან დაკავშირებით


პოლიციელის მიერ ჯორჯ ფლოიდის დაკავება, მინეაპოლისი, 2020 წლის 25 მაისი.

აშშ-ის მინესოტის შტატის ქალაქ მინეაპოლისის მერი გამოვიდა მოწოდებით, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას თეთრკანიანი პოლიციელის წინააღმდეგ, რომელიც, როგორც ვიდეოჩანაწერზე ჩანს, მუხლს აჭერს კისერზე ძირს მწოლიარე შავკანიან მამაკაცს დაკავებისას. ამ დროს შავკანიანი მამაკაცი რამდენჯერმე იმეორებს, რომ ვეღარ სუნთქავს.

ჯორჯ ფლოიდი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ფლოიდის სიკვდილს ფართო მასშტაბის საპროტესტო გამოსვლები და პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოჰყვა 26 მაისს, იხსენებენ და ამ ინციდენტს ადარებენ სხვა არაერთ, შავკანიანების სიკვდილის შემთხვევებს პოლიციელების მიერ დაკავებისას.

„რატომ არ არის საპატიმროში კაცი, რომელმაც ჯორჯ ფლოიდი მოკლა?“, თქვა მინეაპოლისის მერმა, ჯეკობ ფრაიმ ბრიფინგზე. „თქვენ რომ ჩაგედინათ ეს, ან მე, ახლა გისოსებს მიღმა ვიქნებოდით“.

ფრაიმ მოუწოდა შტატის გენერალურ პროკურორს, „ბრალი წაუყენონ პოლიციელს ამ საქმეში“, მაგრამ არ დაუზუსტებია, რა ტიპის ბრალის უნდა წაუყენოს მას.

პოლიციელი, ფლოიდის დაკავებაში მონაწილე სხვა სამ კოლეგასთან ერთად, პოლიციის რიგებიდან დაითხოვეს 26 მაისს.

ვიდეოზე ჩანს აფრო-ამერიკელი მამაკაცი, ქუჩაში, სახით დაბლა, მწოლიარე, რომელსაც პოლიციელი მუხლით აწვება კისერზე. შავკანიან კაცს სუნთქვა უჭირს და ხვნეშის. „ვეღარ ვსუნთქავ, ამბობს რამდენჯერმე. იქვე მდგომნი პოლიციელს თხოვენ, გაუშვას.

ჯორჯ ფლოიდის დამ, ბრიჯეტ ფლოიდმა 27 მაისს NBC-ის ეთერში მოითხოვა, რომ პოლიციელები მკვლელობისთვის უნდა გასამართლდნენ, ვინაიდან „ესაა ზუსტად, რაც მათ ჩაიდინეს“.

მინეაპოლისის პოლიციამ განაცხადა, რომ პოლიციელები მოქმედებდნენ სავარაუდო თაღლითობის საქმის ფარგლებში და რომ ფლოიდმა მათ „ფიზიკური წინააღმდეგობა“ გაუწია.

FBI-მ და მინესოტის ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყეს 46 წლის მამაკაცის სიკვდილთან დაკავშირებით.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაავალა FBI-ს და იუსტიციის უწყებას, დააჩქარონ გამოძიება. „ჩემი გული ჯორჯის ოჯახთან და მეგობრებთან არის. მართლმსაჯულება აღსრულდება!“, დაწერა ტრამპმა ტვიტერში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG