Accessibility links

აშშ ირანის სამოქალაქო ბირთვული პროგრამის მიმართ სანქციებს კვლავ აამოქმედებს


ფორდოს ურანის გადამამუშავებელი ობიექტი ირანში. 2019 წელი

აშშ შეაჩერებს სანქციებისთვის გვერდის ავლის მექანიზმს, რომელიც რუსეთის, ჩინეთის და ევროპის ქვეყნების კომპანიებს ირანთან ბირთვულ სფეროში სამოქალაქო თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევდა, რის შედეგადაც პრაქტიკულად 2015 წლის ბირთვული შეთანხმების უკანასკნელი ელემენტი შეწყვეტს მოქმედებას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა 27 მაისს, რომ ირანი განაგრძობდა „ბირთვულ ცეცხლთან თამაშს“, არ ასრულებდა ვალდებულებებს და ამიტომ, სანქციებისთვის გვერდის ავლის მექანიზმის მოქმედების გაგრძელება არ არის გამართლებული. რეჟიმის ბირთვული გამოძალვა ირანზე ზეწოლას გააძლიერებს და საერთაშორისო საზოგადოებრიობისგან მის იზოლაციას გააძლიერებს, თქვა პომპეომ.

ბირთვული გაუვრცელებლობის ექსპერტები ამბობენ, რომ სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი შესაძლებლობას იძლევა, მოხდეს ირანის ბირთვული აქტიურობის მეთვალყურეობა და გაგრძელდეს კვლევა კანონიერ სამოქალაქო სფეროებში, როგორიცაა მედიცინა.

აშშ-ის ამ ნაბიჯმა შეიძლება გაზარდოს დაძაბულობა სხვა ქვეყნებთან, რომლებმაც ხელი მოაწერეს ბირთვულ შეთანხმებას ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, ასევე რუსეთსა და ჩინეთთან. ამის ფონზე აშშ ესწრაფვის ირანისთვის იარაღის მიწოდების სფეროში გააფართოვოს ემბარგო.

„ბირთვულ-სამოქალაქო სფეროში თანამშრომლობის“ სანქციების კვლავ ამოქმედება შეეხება საერთაშორისო მუშაობას ირანის მძიმე წყლის კვლევით რეაქტორ არაქზე, ასევე თეირანის კვლევითი რეაქტორისთვის ურანის მიწოდებას და უცხოეთში რეაქტორიდან გადამუშავებული და მოხმარებული საწვავის გატანას.

ფირმებს, რომლებიც ამ ობიექტებზე მოქმედებენ, ახლა აქვთ 60 დღიანი ვადა, შეწყვიტონ საქმიანობა.

ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმების ნაწილები, რომლებიც საერთაშორისო თანამშრომლობას ეხება, ემსახურება იმას, რომ ირანის ბირთვული პროგრამა გამჭვირვალე იყოს და არ ჰქონდეს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა.

ირანის მიმართ მკაცრი ხაზის მომხრე ძალები კონგრესში, ასევე ტრამპის ადმინისტრაცია, თვლიან, რომ სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი თეირანს შესაძლებლობას აძლევს ხელი მიუწვდებოდეს ტექნოლოგიაზე, რომელიც მან ბირთვული იარაღისთვის შეიძლება გამოიყენოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG