Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი დღის განმავლობაში 260-მა ადამიანმა გადაკვეთა ენგურის ხიდზე დე ფაქტო საზღვარი


ორი დღის განმავლობაში ენგურის ხიდი საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლით 260-მა ადამიანმა გადაკვეთა. მედიის თანახმად, ამის შესახებ კორონავირუსის საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე განაცხადა აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა რობერტ კიუტმა.

„26 მაისს მოეწყო ჰუმანიტარული კორიდორი იმ ადამიანებისთვის, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ორ დღეში 260-მა ადამიანმა გადაკვეთა ხიდი. პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს, არანაირ პრობლემას არ ჰქონია ადგილი“, - განაცხადა რობერტ კიუტმა.

თავის მხრივ, დე ფაქტო რესპუბლიკის ე,წ, მთავრობის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ ბოლო დროს ფიქსირდება იმ პირთა რაოდენობის ზრდა, რომლებიც სამკურნალოდ მიემგზავრებიან საქართველოში. ალექსანდრ ანქვაბმა გასცა დავალება, რომ ამ ადამიანებს გადაადგილებაში ხელი არ შეუშალონ:

„ბევრი მიზეზის გამო ჩვენ ამ პროცესის გაჩერება არ შეგვიძლია, ეს ჰუმანიტარული მიზეზებია.საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს სამუშაოებს იმ პირთა ლეგალების მიზნით, რომლებიც ცოტა ხანში კვლავ უნდა გაემზავრონ. თქვენ წერთ ნოტებს, ათანხმებთ, აგზავნით მათ, ამ დროს კი არიან მძიმე ავადმყოფები, ბავშვები, რომელთაც დაუყოვნებლივ სჭირდებათ გასვლა. აქ არის მარტივი და გასაგები დავალება, არავის უთხრათ უარი“, - განაცხადა დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობის მეთაურმა ალექსანდრ ანქვაბმა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ 26 მაისიდან ცალმხრივად გახსნა 3 თვის წინ კორონავირუსის პანდემიის საბაბით ჩაკეტილი ე.წ. საზღვარი. ამით აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქართულ კლინიკებში მკურნალობდნენ, ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნების საშუალება მიეცათ. პირიქით, აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებით გადაადგილება კვლავ აკრძალულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG