Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა იმნაძე: კონდიციონერები, რომლებიც ჰაერს შიგნით ატრიალებენ, საშიშია


საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ზაფხულში ჰაერის გასაგრილებლად არ არის რეკომენდირებული ისეთი კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც ჰაერს შიგნით ატრიალებენ და გარეთ არ გააქვთ. პაატა იმნაძის თქმით, აღნიშნული ტიპის, ეგრეთ წოდებული საყოფაცხოვრებო კონდიციონერები ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით მაღალი რისკის შემცველია:

„ასეთი არის აბსოლუტური უმრავლესობა იმ კონდიციონერების რომელთაც საყოფაცხოვრებო კონდიციონერები ჰქვია. მათი გამოყენება საშიშია. ამიტომ გაგვიჭირდება, სიცხე იქნება, მაგრამ ჯერჯერობით მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული“, - განაცხადა პაატა იმნაძემ კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა ჩართული ზაფხულში ოფისებში, ბანკებში, მაღაზიებსა და დახურულ სივრცეებში კონდიციონერები. მისი თქმით, შეიძლება იმ კონდიციონერების ჩართვა, რომლებსაც ჰაერი გარედან შემოაქვთ, აგრილებენ და დახურული სივრციდან გარეთ გააქვთ.

მან განმარტა, რომ ნებადართულია ასევე ისეთი კონდიციონერებით სარგებლობაც, რომლებშიც ჰეპაფილტრებია ჩადგმული. ასეთი კონდიციონერები პაატა იმნაძის თანახმად გამოიყენება მაგალითად, თვითმფრინავებში:

„ეს არის სპეციალური ფილტრები, რომლებიც ვირუსებს აკავებენ. ზუსტად ასეთივე ჰეპაფილტრები ლაბორატორიებში დგას, ვთქვათ ასევე ბიოუსაფრთხოების კაბინეტებში, რომლებშიც ვმუშაობთ, იგივე ლუგარის ლაბორატორიაში", - განაცხადა პაატა იმნაძემ ონლაინ ბრიფინგზე, რომელშიც ჟურნალისტებისა და მოქალაქეების კითხვებს მასთან ერთად დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ცენტრის თავმჯდომარე ამირან გამყრელიძე და გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი პასუხობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG