Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზ. ტრანსპორტის აღდგენის მიუხედავად რეკომენდებულია კომპანიებმა იმუშაონ ონლაინრეჟიმში


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განმარტა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები.

ზახაშვილის თქმით, შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, რეკომენდებულია, რომ ონლაინრეჟიმში მუშაობა გააგრძელონ იმ კომპანიებმა, რომლებისთვისაც ამ ფორმით საქმიანობა ზარალისმომტანი არ არის. „ზოგადად პანდემიის პროცესში ყველა იმ სამსახურისთვის, რომლისთვისაც დასაშვებია, მუშაობის პროცესი გაგრძელდეს და განხორციელდეს ონლაინრეჟიმში, ისე, რომ ეს არ აყენებს ზარალს გარკვეულ სამსახურებს მათი მოვალეობისა და ფუნქციის შესასრულებლად, რეკომენდებულია, რომ მათ ამავე რეჟიმში გააგრძელონ მუშაობა. იმ თანამშრომელთა ნაკადისთვის, რომელთაც შეუძლიათ და მათი საჭიროება აძლევთ შესაძლებლობას, რომ ონლაინ იმუშაონ“, - აღნიშნავს ხათუნა ზახაშვილი.

რაც შეეხება, ტრანსპორტის ამოქმედების შემდეგ საჭირო კონტროლის მექანიზმებს, როგორც ზახაშვილი ამბობს, ამაზე მუშაობს შესაბამისი უწყებები, ეს მათი პრეროგატივაა. NCDC-ის რეკომენდაცია კი ის არის, რომ მგზავრთა ნაკადი ისე იყოს მობილიზებული, რომ ერთ სივრცეში არ აღმოჩნდეს ბევრი ადამიანი.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში სადეზინფექციო ხსნარების დისპენსერების დამონტაჟების შესახებ შეკითხვაზე კი ხაზაშვილი პასუხობს: „გაურკვეველია, რას გულისხმობს შეკითხვის ავტორი. ჰაერით გამაფრქვეველი დისპენსერები არ არის რეკომენდებული დახურულ სივრცეებში. ეს დღესდღეობით არსებული რეკომენდაციებით არ მიიჩნევა მიზანშეწონილად და შესაძლებელია ჯანმრთელობის გარკვეულ საფრთხეებს მოიცავდეს. რაც შეეხება ხელის სადეზინფექციო საშუალებების არსებობას, საერთოდ ჩვენი რეკომენდაციაა, რომ რაც შეიძლება ხშირად დაიმუშაონ ადამიანებმა ხელები სადეზინფექციო საშუალებებით. მათი განლაგების ადგილები უნდა იყოს ხელმისაწვდომი ადამიანებისთვის. დღეს ჩვენ პასუხი არ გვაქვს, ზუსტად სად და როგორ განლაგდება“. მისი თქმით, მოქალაქეებს შეუძლიათ, თავადაც დაამზადოთ სადეზინფექციო ხსნარი, რომელშიც სპირტის შემცველობა დაახლოებთ 70% იქნება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოქალაქეებმა პირბადე უნდა გამოიყენონ საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

საქართველოში 29 მაისიდან განახლდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა. მათ შორის მუშაობას განაახლებს თბილისის მეტრო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG