Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას აძლევს უმაღლეს შეფასებას


ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის დასრულების აღსანიშნავად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ წერილით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, - ვკითხულობთ საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

სამინისტროს თანახმად, წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს თავმჯდომარეობა უპრეცედენტო გამოწვევის დროს, COVID - 19–ის პერიოდში შედგა, რომელიც ევროპის საბჭოს მუშაობაში ინოვაციურ მიდგომებსა და ფორმატებს მოითხოვდა. „ამ მნიშვნელოვან პერიოდში საქართველოს თავმჯდომარეობა ევროპის საბჭოს საქმიანობას წარმატებით გაუძღვა, რაც ქართული დიპლომატიის დიდი მიღწევაა”, -აღნიშნულია წერილში.

წერილის თანახმად, უკრაინა განსაკუთრებით აფასებს მწვავე პრობლემისადმი - რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, და უკრანიელი ხალხის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მიმდინარე დარღვევისადმი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირად ყურადღებას.

საგარეო უწყებს ცნობით, კიევი მადლიერებას გამოხატავს და მიესალმება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში, დავით ზალკალიანის განცხადებას რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ანექსიის მცდელობის მე–6 წლისთავთან დაკავშირებით. გარდა ამისა, წერილის თანახმად, უკრაინა აფასებს საქართველოს აქტიურ როლს ევროპის საბჭოს ფარგლებში არსებული „ბალტიის პლიუს ჯგუფის“ ქვეყნების (Baltic Plus countries) კოორდინირების საკითხში, როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო დონეზე.

საქართველოს უკრაინიდან ელჩი დროებით გაწვეული ჰყავს. თეიმურაზ შარაშენიძე თბილისში კონსულტაციისთვის გამოიძახეს მას შემდეგ, რაც 7 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სამშობლოში მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დანიშნა რეფორმების საბჭოში აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ.

კიევში ელჩის დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 25 მაისს, თეიმურაზ შარაშენიძესთან კონსულტაციის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დააკვირდება უკრაინაში პროცესების განვითარებას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით და ამის მიხედვით გადაწყდება ელჩის დაბრუნების თარიღი.

რაც შეეხება საქართველომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის საკითხს, ის საქართველომ 2019 წლის 27 ნოემბერს საფრანგეთისგან 6 თვით გადაიბარა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, COVID-19-ის პანდემია ევროსაბჭოს მუშაობისთვის ურთულეს გამოწვევად იქცა. მინისტრთა კომიტეტის მუშაობა აპრილის დასაწყისიდან განახლდა წერილობითი პროცედურის და ვიდეოკონფერენციების ფორმატით და შესაძლებელი გახდა სხდომების ჩატარება და გადაწყვეტილებების მიღება. მათ შორისაა დეკლარაცია COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის დროს ევროპის საბჭოს სტანდარტებისა და ფასეულობების შენარჩუნების შესახებ.

საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში თბილისში უნდა ჩატარებულიყო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვედრა. მინისტერიალის თბილისში ჩატარებამ საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოიწვია რუსეთის დელეგაციის მოსალოდნელი სტუმრობის გამო.

26 თებერვალს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ მაისში, ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართებოდა. საბოლოოდ, კორონავირუსის პანდემიის გამო, შეხვედრა საერთოდ გადაიდო და 2020 წლის 4 ნოემბერს ათენში, საბერძნეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG