Accessibility links

მიქაუტაძე: კონსულტაციების დროს, ვასილ როინიშვილის გარდა, სხვა კანდიდატებიც განიხილებოდნენ


საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილის სახით უზენაესი სასამართლოს პლენუმმა გამოცდილ და კვალიფიციურ მოსამართლეს დაუჭირა მხარი. ასე შეაფასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ვასილ როინიშვილის არჩევა საკონსტიტუციო სასამართლოში. გიორგი მიქაუტაძის განმარტებით, ვასილ როინიშვილს აქვს დიდი გამოცდილება, როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.

„10 წლის განმავლობაში და უფრო მეტი, ის იყო უზენაესი სასამართლოს წევრი და აქვს ძალიან მაღალი კვალიფიკაცია“, - განაცხადა მიქაუტაძემ კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

რაც შეეხება მედიის შეკითხვებს იმასთან დაკავშირებით, რატომ არ იყო პროცესი გამჭვირვალე და რატომ არ ჰქონდა კანდიდატურის შესახებ წინასწარი ინფორმაცია დაინტერესებულ საზოგადოებას, მათ შორის სამოქალაქო სექტორს, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიმღები ყველა პირისთვის ვასილ როინიშვილის კანდიდატურა წინასწარ, კენჭისყრამდე ცნობილი იყო:

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან გვქონდა გუშინ კოსულტაციები, სადაც განვიხილეთ კანდიდატურები და, ასე ვთქვათ, შეჯერდა და ყურადღება შეჩერდა ვასილ როინიშვილზე“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

გიორგი მიქაუტაძის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიის დასაკავებლად კონსულტაციებზე სხვა კანდიდატურებიც განიხილებოდა, თუმცა არჩევანი საბოლოოდ ვასილ როინიშვილზე შეჩერდა.

ვასილ როინიშვილს პლენუმის 21 წევრიდან 18-მა დაუჭირა მხარი, 2 წინააღმდეგი იყო, ხოლო ერთმა თავი შეიკავა.

ვასილ როინიშვილი 2006-2008 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი იყო, ხოლო 2008-2009 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე. სხვადასხვა დროს ის იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე და სადისციპლინო პალატის წევრი. 2017 წელს იგი ერთ-ერთი იყო უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის იმ 9 მოსამართლეს შორის, რომელთაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნების გადაწყვეტილებას დაუჭირეს მხარი.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს პლენუმის 29 მაისის დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევა იყო. ვაკანსია საკონსტიტუციო სასამართლოში გაჩნდება 15 ივნისიდან. არასამთავრობო სექტორი მოითხოვდა, პროცესის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, პლენუმს კანდიდატურა დაესახელებინა, კანდიდატურისთვის კენჭისყრა კი მოგვიანებით გაემართა.

15 ივნისს უფლებამოსილების ვადა ეწურება საკონსტიტუციო სასამართლოს სასამართლოს თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად იგი 2010 წლის 30 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით დაინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ კი 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG