Accessibility links

ტვიტერმა დონალდ ტრამპის პოსტი აღნიშნა, როგორც „ძალადობის განმადიდებელი"


ტვიტერმა მინეაპოლისში გამოსვლების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოსტი აღნიშნა, როგორც „ძალადობის განმადიდებელი“. კომპანიის თქმით, ტვიტი არღვევს მის წესებს, მაგრამ მას არ მოაშორებენ.

ამ გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაამწვავა ურთიერთობები სოციალური მედიის კომპანიასა და ტრამპს შორის მას მერე, რაც ერთი დღით ადრე პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება, ტვიტერსა და ფეისბუკს მოეხსნათ იურიდიული იმუნიტეტი, რომელიც მათ იცავს მათ პლატფორმაზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსზე პასუხისმგებლობისგან.

ახალ პოსტში ტრამპმა დაწერა, რომ მინეაპოლისში სამხედროები გაიგზავნენ, ვინაიდან ხელისუფლებას მზარდ არეულობასთან უწევს გამკლავება. გამოსვლები დაიწყო მას მერე, რაც სამი დღის წინ პოლიციის მიერ დაკავებისას გარდაიცვალა 46 წლის შავკანიანი მამაკაცი, ჯორჯ ფლოიდი, რომელიც ყალბ ვალუტასთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი.

„... ეს ავაზაკები არცხვენენ ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ახლა ველაპარაკე გუბერნატორ ტიმ უოლცს და ვუთხარი, რომ ჯარი მასთან იქნება მთელი ხნის მანძილზე. რაიმე სირთულის შემთხვევაში ხელში ავიღებთ კონტროლს, როცა მაროდიორობა დაიწყება, სროლაც დაიწყება. გმადლობთ!“ - დაწერა ტრამპმა იმაზე, თუ როგორ მოიქცევა ხელისუფლება ინციდენტთან დაკავშირებით.

„ეს ტვიტი არღვევს ტვიტერის წესებს ძალადობის განდიდების თაობაზე. თუმცა ტვიტერმა გადაწყვიტა, რომ შეიძლება საზოგადოების ინტერესში იყოს, რომ ის ხელმისაწვდომი დარჩეს“, დაწერა კომპანიამ ტრამპის ტვიტზე მინაწერში.

ტრამპსა და ტვიტერს შორის ურთიერთობა ადრევე დაიძაბა მიმდინარე კვირაში სხვა საკითხთან დაკავშირებით. მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფოსტით კენჭისყრა გაყალბების საშუალებას იძლევა, ტვიტერმა ამ ინფორმაციას დაუსაბუთებელი უწოდა.

28 მაისს ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომ შესწავლილ იქნეს, შეიძლება თუ არა სოცმედიის კომპანიებს ახალი რეგულაციები დაუწესონ.

მაგრამ ექსპერტებმა ეჭვი გამოთქვეს, რომ კონგრესის აქტის გარეშე შეუძლებელი იქნება მსგავსი ცვლილებების მიღება და პრეზიდენტი ვერც სასამართლოში გასაჩივრებით მიაღწევს შედეგს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG