Accessibility links

მინეაპოლისში ზედიზედ მესამე ღამე გრძელდებოდა მასობრივი არეულობები


აშშ-ის მინესოტის შტატის ქალაქ მინეაპოლისში ზედიზედ მესამე ღამე გრძელდებოდა მასობრივი არეულობები, რაც მოჰყვა შავკანიანი მამაკაცის სიკვდილს პოლიციის მიერ დაკავების შედეგად.

როგორც იტყობინებიან, აქციის მონაწილეები შეიჭრნენ პოლიციის განყოფილების ტერიტორიაზე და ცეცხლი წაუკიდეს მას, მაგრამ იმ მომენტისთვის პოლიციელები არ იმყოფებოდნენ პოლიციის განყოფილებაში, რომელიც 46 წლის ჯორჯ ფლოიდის დაკავების ადგილის მახლობლად მდებარეობს.

მედიის ცნობით, წინა ღამეებისგან განსხვავებით, ამჯერად პოლიცია თითქმის არ დაპირისპირებია აქციის მონაწილეებს.

იტყობინებიან ვანდალიზმისა და მაღაზიების ძარცვის ახალი შემთხვევების შესახებ. მთლიანობაში ცეცხლი წაუკიდეს 16 შენობას. საპროტესტო აქციები გაიმართა ასევე ქალაქ სენტ-პოლში, რომელიც საერთო აგლომერაციას ქმნის მინეაპოლისთან ერთად.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქალაქის ხელმძღვანელობა დაადანაშაულა, რომ მას არ შესწევს უნარი, გააკონტროლოს ვითარება და განაცხადა, რომ მინეაპოლისში გვარდიასა და ჯარებს გაგზავნის წესრიგის დასამყარებლად. მან ტვიტერში დაწერა, რომ დამრბევლები პატივს არ სცემენ ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას და, საჭიროების შემთხვევაში, სამართალდამცავები ცეცხლს გახსნიან.

ტვიტერში მისი ამ კომენტარის ქვეშ გაჩნდა ახსნა-განმარტება, რომლითაც სოციალური მედიის კომპანიამ განმარტა, რომ ტვიტი არღვევს კომპანიის წესებს, ვინაიდან „ძალადობის განდიდებას“ შეიცავს. თუმცა პრეზიდენტის ტვიტი არ მოუშორებიათ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო.

ამავე დროს, მინეაპოლისსა და აშშ-ის სხვა ქალაქებში იმართება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, რომელთა მომხრეები მოითხოვენ, დაისაჯოს ოთხი პოლიციელი, რომელიც მონაწილეობდა ფლოიდის დაკავებაში. ხელისუფლების წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ გულდასმით გამოიძიებენ საქმეს და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სამართალმა იზეიმოს.

ფლოიდი ორშაბათს გარდაიცვალა საავადმყოფოში, სადაც ის დაკავების შემდეგ მიიყვანეს. ვიდეოზე, რომელმაც ფართო პოპულარობა მოიპოვა სოცქსელებში, აფროამერიკელს ხელბორკილები ადევს და მიწაზე წევს, ყელზე კი თეთრკანიანი პოლიციელი აჭერს მუხლს. ფლოიდი რამდენჯერმე იმეორებს, რომ სუნთქვა უჭირს და იხრჩობა. დაკავებისას ის არ ყოფილა შეიარაღებული. ფლოიდი დააკავეს ყალბ ფულთან კავშირში ეჭვის გამო.

ოთხი პოლიციელი, რომელმაც დააკავა ფლოიდი, სამსახურიდან დაითხოვეს მას შემდეგ, რაც FBI-მ აფროამერიკელის სიკვდილის გარემოებების გამოძიება დაიწყო. მინეაპოლისის მერმა ჯეიკობ ფრეიმ პოლიციელების სისხლის სამართლის კანონით დასჯა მოითხოვა. პოლიციელების ქმედება დაგმეს ცნობილმა საზოგადო მოღვაწეებმა და პოლიტიკოსებმა - ძირითადად დემოკრატებმა.

უკანასკნელ წლებში თეთრკანიანი პოლიციელების ხელით აფროამერიკელების სიკვდილი არაერთხელ გამხდარა მასობრივი საპროტესტო გამოსვლებისა და არეულობის მიზეზი.

მიმომხილველები კვლავ იხსენებენ ერიკ გარნერს, რომელიც ნიუ-იორკში მოგუდა პოლიციელმა 2014 წელს, როცა მას დაუბეგრავი სიგარეტებით ვაჭრობისთვის აპატიმრებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG