Accessibility links

თალიბებმა საგუშაგოზე თავდასხმისას 14 ავღანელი სამხედრო მოკლეს პატიმრების გათავისუფლების თაობაზე მოლაპარაკების ფონზე


ავღანეთმა 90-ზე მეტი თალიბი გაათავისუფლა საპატიმროდან.

თალიბანის მებრძოლებმა აღმოსავლეთ ავღანეთში საგუშაგოზე თავდასხმისას მოკლეს ავღანეთის არმიის 14 ჯარისკაცი. ეს არის ბოლო ინციდენტი ცეცხლის სამდღიანი შეწყვეტის შემდეგ, რომელიც რამადანის - მაჰმადიანთა დღესასწაულის დროს იყო ძალაში.

თავდაცვის სამინისტროს თქმით, 29 მაისის ღამით განხორციელებული თავდასხმისას, 14 ჯარისკაცი მოკლეს დანდე პატანის რაიონში. ადგილობრივი მმართველის, მოჰამად აჰმადზაის თქმით, დახოცილია 15 ჯარისკაცი, ხოლო თალიბანის მხარეს მსხვერპლი 20-ს უდრის.

თალიბანმა იკისრა ამ თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა და განაცხადა, რომ ეს იყო „თავდაცვითი“ აქცია.

ავღანეთის ოფიციალურ პირთა თანახმად, თალიბანმა კიდევ ერთი იერიში განახორციელა 28 მაისს ფარაჰისა და ფარვანის პროვინციებში. ამ თავდასხმების დროს ასევე 14 ჯარისკაცი მოკლეს. ამ თავდასხმების შესახებ თალიბანს კომენტარი არ გაუკეთებია. ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯავიდ ფაიზალმა განაცხადა, რომ ცალკეული ინციდენტიების გარდა ზავი ძირითადად დაცულია.

თალიბანის ბოლო თავდასხმის ფონზე, მათი ხუთწევრიანი „ტექნიკური“ დელეგაცია ქაბულში ჩავიდა ავღანეთის მთავრობის მიერ დაპატიმრებული პირების და მეამბოხეების გათავისუფლების გარშემო მოლაპარაკების საწარმოებლად. პატიმრების გაცვლა ნაწილია თებერვლის ბოლოს აშშ-სა და თალიბებს შორის მიღწეული შეთანხმებისა. სულ ქაბულმა ციხიდან უნდა გაუშვას 5 ათასი თალიბი, ხოლო თალიბანმა უნდა გაათავისუფლოს 1000 პირი. ოფიციალური სამშვიდობო მოლაპარაკების წინ ეს აქტი ურთიერთნდობის მოპოვებას ემსახურება. 29 თებერვლის შეთანხმებაში ავღანეთის მთავრობა არ მონაწილეობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG