Accessibility links

ირაკლი კობახიძე: გახარიამ მესამეთანრიგოსან ოპოზიციას საყმაწვილო შამათი ჩაუსვა


„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ 29 მაისის საპარლამენტო სესიაზე პრემიერ გიორგი გახარიას გამოსვლა საყმაწვილო შამათს შეადარა, რომელიც მან მესამეთანრიგოსან ოპოზიციას ჩაუსვა.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს დღევანდელი გამოსვლისთვის. გუშინწინდელი მისი გამოსვლა, როგორც ვთქვით, იყო მასტერკლასი, დღეს კი, ჭადრაკის ენით რომ ვთქვათ, ეს იყო საყმაწვილო შამათი, რომელიც მან მესამეთანრიგოსან ოპოზიციას ჩაუსვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის მწვავე რეპლიკებს საპენსიო ფონდთან დაკავშირებით და მათ ურჩია, რომ შეიტანონ ფონდში საპენსიო შენატანი. რჩევა კი ასე ახსნა:

„თქვენ რეალურად გაიმწარეთ ახალგაზრდობა. ხელისუფლებაში 9 წელი იყავით და სრულო ფიასკოთი დაასრულეთ. თქვენ ბევრ სხვასაც გაუმწარეთ ახალგაზრდობა, მაგრამ თქვენც არანაკლები სიმწარე მიიღეთ, იმიტომ, რომ როდესაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის ამთავრებ 30%-იანი სიღარიბით, ამთავრებ იმ სახელით, რომ პატიმრებს აწამებდი ციხეებში, როდესაც თავი გამოიჩინეთ მხოლოდ ბიზნესის რეკეტით და იმით, რომ მტერს ჩააბარეთ ტერიტორიბის 20%, ეს ნიშნავს თქვენი ახალგაზრდობის გამწარებას. 2012 წლიდან დღემდე კი 6 არჩევნები მოგიგეთ და წელსაც მოგიგებთ მეშვიდედ არჩევნებს. ამიტომ, რადგან ასეთი გამწარებული ახალგაზრდობა გქონდათ, შეიტანეთ საპენსიო შენატანები საპენსიო ფონდში - იქნებ სიბერე მაინც გქონდეთ ტკბილი“, - ასე მიმართა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას 29 მაისის პარლამენტის სხდომაზე, სადაც პრემიერი გიორგი გახარია დაბარებული იყო ინტერპელაციის წესით და ოპოზიციის კითხვებს პასუხობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG