Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: „საბურთალოს კლასტერის“ ინფიცირების წყარო შესაძლოა მედიკოსი იყოს


„უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი 9 ახალი შემთხვევა არის გუშინწინ, თბილისში, საბურთალოზე დადასტურებული 2 შემთხვევის კონტაქტები, - ამის შესახებ განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, - მიმდინარეობს ამ კონტაქტების ინტენსიური კვლევა. უკვე გამოკვლეულია 50-მდე კონტაქტი. ინფიცირებულები გადაყვანილი არიან საავადმყოფოში, ხოლო მათთან კონტაქტში მყოფი პირები გადაგვყავს თბილისის საკარანტინო სივრცეებში“.

ამირან გამყრელიძის თქმით, ე.წ. საბურთალოს კლასტერი შედგება ერთი ოჯახის და ამ ოჯახთან ახლო კავშირის მქონე 11 პირისგან.

„ინფიცირების პირველადი წყარო, როგორც ვფიქრობთ, უნდა იყოს ჩემი კოლეგა - სამედიცინო პერსონალი, რომლისგანაც, შესაძლოა, გავრცელდა ვირუსი ოჯახსა და ოჯახის ახლობლებში, მაგრამ, ხაზს ვუსვამ, გარემოება ბოლომდე დადგენილი არ არის, ამ ყველაფერზე მიმდინარეობს კვლევა, შესაძლოა პირველწყარო იყოს ოჯახის სხვა წევრი. ჩვენი ჯგუფი დღესაც ადგილზე მუშაობს და იღებს დამატებით ბიოლოგიურ ნიმუშებს, რათა გაგრძელდეს ჩაღრმავებული კვლევები. სადაც ჩემი კოლეგა მუშაობდა, იქ დაწყებულია ეპიდსაწინააღმდეგო სამუშაოები, კარანტინის აუცილებლობა არ არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსოფლიო მასშტაბით სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი 12-დან 20%-მდე მერყეობს, საქართველოში ეს მაჩვენებელი 13%-ია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG