Accessibility links

SpaceX-ის კაფსულა ბორტზე ორი ასტრონავტით 31 მაისს კოსმოსურ სადგურს შეუერთდება


ორი ამერიკელი ასტრონავტი კერძო ფირმის მიერ შექმნილი ხომალდით ახორციელებენ პირველ კოსმოსურ მისიას და 31 მაისს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გადავლენ.

დაგ ჰერლის და ბობ ბენკენის გადასვლა სადგურზე შუა ევროპის დროით, 16:30 საათზეა (თბილისის დროით 18:30 საათზე) დაგეგმილი.

სადგური დედამიწიდან 400 კილომეტრში მოძრაობს ორბიტაზე. ასტრონავტები, რომლებიც 30 მაისს აშშ-ის ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხიდან, კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან გაემართნენ კოსმოსში, იქ ოთხ თვემდე დარჩებიან. ისინი შეუერთდებიან სადგურზე მყოფ ორ რუს და ერთ ამერიკელ ასტრონავტს.

30 მაისის გაფრენა ბორტზე ამერიკელი ასტრონავტებით პირველია თითქმის ათი წლის განმავლობაში. საერთაშორისო სადგურის მიღწევა ამ პერიოდში ხდებოდა რუსეთის „სოიუზის“ ხომალდებით, რომლებიც რუსეთის ხელში მყოფი, ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან ხდებოდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელიც სტარტს ესწრებოდა, განაცხადა, რომ ამ მოვლენამ ამერიკელები სიამაყით აღავსო და მან იმედი გამოთქვა, რომ ეს ამერიკელებს სტიმულს მისცემს რთულ დროში.

კოსმოსური მისია ხორციელდება პერიოდში, როცა აშშ-ს სირთულეები აქვს კორონავირუსის პანდემიისა და რასობრივი არეულობის გამო, რომელიც მოჰყვა მინეაპოლისში შავკანიანი კაცის სიკვდილს თეთრკანიანი პოლიციელის მიერ მისი დაკავების დროს ძალის შეუსაბამო გამოყენების შედეგად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG