Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდა გიორგი რურუას საქმის განხილვა


გიორგი რურუა
გიორგი რურუა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია "მთავარი არხის" წილის მფლობელის გიორგი რურუას სასამართლო პროცესზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. როგორც პროცესის დაწყებამდე განმარტა ბრალდებულის ერთ-ერთმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა, დაიკითხება სამი მოწმე:

„აქედან ერთია გამომძიებელი ზურაბ ბერუაშვილი, რომელიც იძიებდა ამ საქმეს, მერე მოხდა მისი ჩამოშორება საქმიდან, დნმ-ის ნიმუშთან დაკავშირებული გახმაურებული ფაქტის გამო და ასევე დაიკითხება ორი ექსპერტ-კრიმინალისტი, რომლებმაც ჩაატარეს ექსპერტიზა ჩადებულ ცეცხლსასროლ იარაღზე“, - უთხრა ჟურნალისტებს დიმიტრი საძაგლიშვილმა. მისი განმარტებით, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით შუამდგომლობის დაყენებას არ აპირებს, თუმცა გამოიყენებენ შესაძლებლობას, თუკი ამის საფუძველი გამოიკვეთება.

2019 წლის ნოემბერში, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე დაკავებულ რურუას ბრალად ედება იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება. მის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გიორგი რურუა ყალბი ბრალდებით დაკავებული პოლიტპატიმარია.

ოპოზიციური საპარლამენტო პარტიები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ გიორგი რურუას გათავისუფლებამდე საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერას არ აპირებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG