Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია


საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეკონომიკური საქმიანობის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლის განახლება იწვევს მოქალაქეთა მობილობის ზრდას, რაც ვირუსის გავრცელების მეტ რისკს ქმნის.

მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გიორგი გახარიამ თქვა, რომ ბოლო დღეებში ახალი შემთხვევების რიცხვი გაზრდილია, რაც მოსალოდნელი იყო, და ორი ახალი კლასტერი გაჩნდა თბილისსა და მარნეულში: „ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია. საერთოდ, შეუძლებელია ცალკე აღებულ ქვეყანაში ვირუსის დამარცხება. ეს არის გლობალური პანდემია. ეს არის გლობალური გამოწვევა და მასთან გამარჯვება უნდა იზეიმოს მსოფლიომ ერთად“.

პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, ძირითადი ამოცანაა ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი დროსა და სივრცეში და ამ მიზნით, ყველას პასუხისმგებლობაა ელემენტარული წესების დაცვა. გახარიამ მოქალაქეებს მოუწოდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოველთვის ატარონ ნიღბები.

29 მაისიდან საქართველოში განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა, 1 ივნისიდან, მანამდე გახსნილი ობიექტების ჩამონათვალს დაემატა დიდი სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები და კაფეები.

ამასთან, ბოლო 4 დღეა ისევ მოიმატა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვმა. 29 მაისს 8 ახალი შემთხვევა იყო, 30-ში 11, 31 მაისს 26 და 1 ივნისს 11, მაშინ, როცა წინა რამდენიმე დღის განმავლობაში ახალი შემთხვევების რიცხვი 3-ს არ აღემატებოდა. გასულ კვირაში გაჩნდა ახალი, „საბურთალოს კლასტერი“.

„შემსუბუქების პროცესის დროს მოსალოდნელია, იყოს ახალი შემთხვევების მატება, მაგრამ ეს პანიკის საფუძველი არ არის, რადგან ქვეყანაში პროცესები მართვადია და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სრულ კონტროლს ექვემდებარება“, - განაცხადა 31 მაისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG