Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: არ გვაქვს არანაირი სურვილი ეკონომიკის ხელახალი დახურვის


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, ატარონ ნიღბები და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა გაუფრთხილდნენ ერთმანეთს და ქვეყნის ეკონომიკას.

„ამას აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა. ეს არის ის სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომელიც არის მარტივი და რომელიც შევიძლია ყველამ გავაკეთოთ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ იძულებულნი ვართ ნელ-ნელა ეკონომიკა გავხსნათ და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არ გვაქვს არანაირი სურვილი უკან დაბრუნების, ეკონომიკის შემდგომი ან ხელახალი დახურვის და გადაკეტვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

გახარიას თქმით, მთავრობას გააზრებული აქვს, რომ სოციალური დახმარება, რომელსაც უწევს შემოსავალდაკარგულ მოქალაქეებს, საკმარისი არ არის და ამიტომ აკეთებს ყველაფერს, რომ ეკონომიკა გახსნას და ადამიანებს მისცეს საშუალება, აღიდგინონ შემოსავალი, რომელიც კორონავირუსის პანდემიამდე ჰქონდათ.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ეკონომიკის გახსნის და ტურიზმის ამუშავების გეგმა განხორციელდება უკიდურესად ფრთხილად და გონივრულად: „სხვანაირად ჩვენ რისკის ქვეშ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას ვერ და არ დავაყენებთ. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, რომ ვატაროთ ნიღბები. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ, პირველ რიგში, ერთმანეთს და შევინარჩუნოთ ეკონომიკის აღდგენის ის პოტენციალი, რომელიც საქართველოს ნამდვილად აქვს ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, განსაკუთრებით რეგიონში“.

გიორგი გახარიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა ისევ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს ვირუსის სწრაფად გამოვლენა, მკურნალობა და სოციუმში ადამიანების სწრაფად დაბრუნება, მოქალაქეები კი ქვეყანას წესების დაცვით უნდა დაეხმარონ.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარებიდან საქართველო გამოვა კიდევ უფრო გაძლიერებული და ყველას დაუმტკიცებს, რომ ეფექტურად მართა კრიზისი, შეძლო ადაპტაცია და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება.

დღეიდან 1 ივნისიდან, მანამდე გახსნილი ობიექტების ჩამონათვალს დაემატა დიდი სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები და კაფეები. 8 ივნისიდან გაიხსნება ყველა რესტორანი და სასტუმროები. 29 მაისიდან საქართველოში განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა.

ამასთან, ბოლო 4 დღეა ისევ მოიმატა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვმა. 29 მაისს 8 ახალი შემთხვევა იყო, 30-ში 11, 31 მაისს 26 და 1 ივნისს 11, მაშინ, როცა წინა რამდენიმე დღის განმავლობაში ახალი შემთხვევების რიცხვი 3-ს არ აღემატებოდა. გასულ კვირაში გაჩნდა ახალი, "საბურთალოს კლასტერი".

„შემსუბუქების პროცესის დროს მოსალოდნელია იყოს ახალი შემთხვევების მატება, მაგრამ ეს პანიკის საფუძველი არ არის, რადგან ქვეყანაში პროცესები მართვადია და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სრულ კონტროლს ექვემდებარება", - განაცხადა 31 მაისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ..

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG