Accessibility links

ათობით ადამიანი დაშავდა უზბეკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე მომხდარი შეტაკების შედეგად


ათობით ადამიანი დაშავდა და რამდენიმე სახლი დაიწვა უზბეკეთის და ყირგიზეთის საზღვარზე 1 ივნისს მომხდარი ძალადობისა და კონფლიქტის შედეგად.

სტიქიური დაპირისპირება 31 მაისს დაიწყო ყირგიზეთის საზღვართან მდებარე უზბეკურ ანკლავ სოჰში მეზობლად მდებარე ყირგიზებთან.

როგორც რადიო თავისუფლების უზბეკური და ყირგიზული სამსახურები იუწყებიან, რამდენიმე ათეული ადამიანი უშენდა ერთმანეთს ქვებს. კონფლიქტის შედეგად, უზბეკეთის მხარეზე დაიწვა ორი სახლი, ხოლო ყირგიზულ სოფელში - ერთი სახლი.

უზბეკეთის უშიშროების სამსახურის სასაზღვრო პოლიციის ცნობით, სიტუაცია ამ წუთებში ერთობლივ კონტროლზეა აყვანილი.

ადგილობრივთა ცნობით, კონფლიქტი 31 მაისს დაიწყო მას შემდეგ, რაც სოფლების სოჰისა და ჩეჩმეს მცხოვრებლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ იმის თაობაზე, თუ ვის ეკუთვნოდა წყარო, რომლითაც ორივე სოფელი სარგებლობს. სიტყვიერი დაპირისპირება მალე გადაიზარდა ჩხუბსა და ქვების სროლაში.

კონფლიქტის შედეგად საავადმყოფოში იმყოფება 4 დაშავებული, ორის მდგომარეობა მძიმეა. კიდევ დაახლოებით 10 კაცს პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ ამბოლატორულად მკურნალობენ.

ამ არეალში საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ხშირად ხდება დაპირისპირება. 1 მაისს აქ კონფლიქტი მოჰყვა საძოვრით სარგებლობას. ყირგიზმა მესაზღვრეებმა დაპირისპირებული მხარეები ჰაერში გასროლით დაშალეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG