Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი: ჩვენ არ გვჭირდება, საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება ოპოზიციას


საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ სახელისუფლებო გუნდი ერთსულოვანია, დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის საყოველთაო განხილვა და შემდეგ ერთხმად უყაროს კენჭი ამ ცვლილებებს. მინისტრის თქმით, თუკი ოპოზიცია კვლავ იტყვის, რომ 8 მარტის ხელშეკრულება არ სრულდება და ცვლილებებს ხმას არ მისცემს, ეს მისი მხრიდან იქნება მათივე მოთხოვნით დაწყებული რეფორმის ჩაგდების საბაბი. თეა წულუკიანის თქმით, ცვლილებები სჭირდება ოპოზიციას და არა მმართველ ძალას:

„ეს არის ის ცვლილებები, რომელიც ჩვენ არ გვჭირდება, ეს არის ცვლილებები, რომელიც სჭირდება ოპოზიციას და, შეთანხმებისამებრ, ჩვენ ამ ცვლილებებს გავატარებთ სიცოცხლეში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, ეს ცვლილება ოპოზიციას სჭირდება იმისთვის, რათა „როგორმე მოხვდნენ პარლამენტში“.

საარჩევნო სისტემის შესაცვლელად საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების საყოველთაო-სახალხო განხილვა 4 ივნისს დაიწყება.

ოპოზიციური საპარლამენტო პარტიები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერას არ აპირებენ „მთავარი არხის“ წილის მფლობელ გიორგი რურუას გათავისუფლებამდე.

2019 წლის ნოემბერში, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე დაკავებულ რურუას ბრალად ედება იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება. მის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გიორგი რურუა ყალბი ბრალდებით დაკავებული პოლიტპატიმარია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG