Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი: თხოვნის შემთხვევაში მზად ვართ, გავაგრძელოთ საწვავის ვენესუელაში გაგზავნა


აბას მუსავი, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი
აბას მუსავი, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, აბას მუსავის თქმით, თეირანი გააგრძელებს საწვავის ექსპორტს ვენესუელაში, თუ სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყანას კიდევ დასჭირდება მიწოდება. ირანიც და ვენესუელაც აშშ-ის სანქციების ქვეშ არიან და ვაშინგტონი ცდილობს არ დაუშვას ამგვარი გადაზიდვები.

"ირანი ვენესუელასთან სარგებლობს თავისუფალი ვაჭრობის უფლებით და მზად ვართ, კვლავ გავგზავნოთ ხომალდები, თუკი კარაკასს კიდევ დასჭირდება მიწოდება ირანისგან", - განაცხადა მუსავიმ ყოველკვირეულ, ტელეეთერით გადაცემულ პრესკონფერენციაზე 1 ივნისს.

ირანმა უკვე გაგზავნა საწვავით დატვირთული ხუთი ტანკერი ვენესუელაში - ერთ დროს სამხრეთ ამერიკის წამყვან ნავთობის მაწარმოებელ ქვეყანაში, რომელსაც ღრმა ეკონომიკური კრიზისის პირობებში ბენზინის დეფიციტი შეექმნა.

აშშ-მა გააფრთხილა მთავრობები, საზღვარო პორტები, გადამზიდავი და სადაზღვევო კომპანიები, რომ ამ ტანკერებისთვის დახმარების გაწევის შემთხვევაში მათ შესაძლოა ზომები დაემუქროს. ჯერჯერობით ვენესუელის წყლებში ოთხი ტანკერი შევიდა, იუწყებიან, რომ ორმა უკვე ჩაიტანა ნავთობი და უკან ბრუნდება.

დიდი ხნის მეტოქეებს, თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გაღრმავდა 2018 წლიდან, როცა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ გამოიყვანა 2015 წელს მიღწეული, საეტაპო მნიშვნელობის ბირთვული ხელშეკრულებიდან ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის და ირანს მკაცრი ეკონომიკური სანქციები აღუდგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG