Accessibility links

ომბუდსმენი: პანდემიისას გაიზარდა ბავშვთა სიღარიბის და მათ მიმართ ძალადობის საფრთხე


საქართველოს სახალხო დამცველი ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის პირობებში გაიზარდა ბავშვთა სიღარიბის, მათ მიმართ ძალადობის და უგულებელყოფის საფრთხე.

ომბუდსმენის თანახმად, პრობლემას წარმოადგენს ასევე განათლების მიღების შესაძლებლობა, ხშირ შემთხვევაში ინტერნეტსა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან წვდომის არარსებობის გამო.

სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს ასევე ბავშვებზე კარანტინის რეჟიმისა და იზოლაციის გავლენაზე და შენიშნავს, რომ ისინი დამატებით დამთრგუნველ ფაქტორად იქცა და უარყოფითად აისახება ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

1 ივნისის, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ომბუდსმენი აღნიშნავს ასევე, რომ პანდემიის პირობებში კიდევ უფრო დამძიმდა ბავშვთა დაუცველი ჯგუფების მდგომარეობა:

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სიღარიბეში მყოფი, სახელმწიფო ზრუნვაში და რელიგიურ სკოლა-პანსიონებში, ქუჩაში მცხოვრები არასრულწლოვნები არსებული რისკებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის ეფექტური სისტემით უნდა სარგებლობდნენ“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში, რომლის თანახმადაც სახალხო დამცველი სწავლობს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას საგანგებო რეჟიმის პირობებში.

ომბუდსმენი პანდემიის პირობებში ბავშვთა უფლებების სათანადო დაცვის მიზნით სახელმწიფო უწყებებს მიმართავს და რამდენიმე გადაუდებელ ღონისძიებაზე მიუთითებს, კერძოდ:

  • მუდმივ რეჟიმში უზრუნველყონ ბავშვთა ინფორმირება მათთვის გასაგები და თვალსაჩინო ფორმით. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ვირუსთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვან რეკომენდაციებსა და პრევენციულ ღონისძიებებს;
  • განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს რეგიონებში, მათ შორის, მაღალმთიან ადგილებში მცხოვრებ არასრულწლოვანთა განათლების უწყვეტობაზე, ინტერნეტისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის საკითხებზე;
  • ოჯახში ძალადობის გაზრდილი რისკების შესაბამისად, პასუხისმგებელმა უწყებებმა გააძლიერონ პრევენციული ღონისძიებები და უზრუნველყონ დროული და ეფექტური კოორდინაცია.

საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ასევე, თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს ის საფრთხეები და რისკები, რის წინაშეც იმყოფებიან არასრულწლოვნები.

"ბავშვთა უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობა, პანდემიის პირობებში, დიდწილად სწორედ მშობლებისა და მზრუნველი პირების სამოქალაქო თვითშეგნებაზე და მათი მხრიდან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ გაცემულ რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის ინიციატივით დაწესდა და 1950 წლიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG