Accessibility links

პირბადეების ტარებისა და უსაფრთხოების სხვა ზომების დარღვევაზე ჯარიმები დაწესდება


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეებს დაავალა, დაჩქარებულ რეჟიმში დაიწყონ მუშაობა და მოკლე დროში შეიმუშაონ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც უკავშირდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მოხმარების ადმინისტრირებას.

არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარებისა და უსაფრთხოების სხვა წესების დარღვევისთვის ჯარიმა რაციონალური და პროპორციული უნდა იყოს:

„თქვენ გახსოვთ, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს ჩვენ გვქონდა საკმაოდ მაღალი ჯარიმები დაწესებული, რომელიც უკვე საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ ვეღარ ჩაითვლება პროპორციულად და ყოველდღიური ხშირი ინდივიდუალური გამოყენებისთვის.

საჭიროა უფრო რაციონალური ჯარიმების შემოტანა და საჭიროა ახალი ზომების განსაზღვრა იმისათვის, რათა შესაბამის სამსახურებს უკვე ყოველდღიურ რეჟიმში მიეცეთ საშუალება, რომ ასეთ დარღვევებზე რეაგირება მოახდინონ“, - პარლამენტის ბიუროს სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ჯარიმები უნდა იყოს გონივრული, ჰქონდეს პრევენციული ეფექტი და დამატებითი სოციალური პრობლემები არ შეუქმნას მოქალაქეებს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა, რომელიც 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით მოქმედებდა, იწვევდა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

31 მარტიდან 22 მაისამდე პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 8 ათასამდე პირი დააჯარიმა. მონაცემები რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით დათვალა.

ფიზიკურ პირებზე ჯამში 7 974 ჯარიმა (3 000) გამოიწერა, რაც 23 922 000 ლარია. ამავე პერიოდში 10 იურიდიული პირი დაჯარიმდა (15 000 ლარი), რომელთა ჯარიმების საერთო მოცულობა 150 ათასი ლარია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG