Accessibility links

საგარეო საქმეთა სამინისტრო COVID-19-თან ბრძოლაზე სარეკლამო და პროპაგანდისტულ ვიდეოებს ამზადებს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო COVID-19 ბრძოლაზე სარეკლამო, პროპაგანდისტული და საინფორმაციო ფილმების გადაღებას გეგმავს. უწყებას მასალების დასამზადებლად 10 944 ლარი აქვს გამოყოფილი. ამ თანხით სულ 9 რგოლის დამზადება იგეგმება

"აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის ამსახველი საინფორმაციო კამპანიის წარმოება და საზოგადოების ეფექტიანი ინფორმირება გაწეული საქმიანობის შესახებ", - ასე ასაბუთებს უწყება შესყიდვების სააგენტოსთან ფილმების გადაღების აუცილებლობას.

პანდემიასთან დაკავშირებით მომზადდება შემდეგი შინაარსის ვიდეორგოლები:

  • საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების სპეციალური რეისებით ჩამოყვანის შესახებ (7 ვიდეო);
  • საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ;
  • პანდემიის შემდეგი პერიოდისთვის პროექტის - "დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა" ფარგლებში საგრანტო კონკურსის შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ "საინფორმაციო, სარეკლამო და პროპაგანდისტული ფილმების გადაღების” გეგმისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე 1 ივნისს გამოქვეყნდა.

ერთი დღის შემდეგ, 2 ივნისს შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე შესყიდვის აღწერილობიდან ამოღებულია სიტყვები - "სარეკლამო" და "პროპაგანდისტული" და დარჩენილია მხოლოდ “საინფორმაციო ვიდეორგოლები”.

საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ ვიდეო-რგოლები "ასახავს ფაქტებს და სტატისტიკას მსოფლიო მასშტაბით, COVID-19-ის პანდემიით შექმნილ ვითარებაში სახელმწიფოს მხრიდან საზვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების დახმარების და თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობის შესახებ."

საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროდუქტის აღწერილობაში სიტყვების - "სარეკლამო" და "პროპაგანდისტული" მოხვედრა შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე კატეგორიებისა და ტექნიკური კლასიფიკატორების სპეციფიკით ახსნა.

განახლება: სტატიის ბოლო ვერსიაში დამატებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ახსნა-განმარტებითი ნაწილი და ფოტომასალა შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG