Accessibility links

კორონავირუსით ინფიცირებული 2 ახალი პაციენტი მარნეულის მუნიციპალიტეტიდანაა


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთს უკავშირდება.

ამ სოფელში მცხოვრები ერთი ოჯახის 3 წევრს კორონავირუსი 1 ივნისს დაუდასტურდა. დღეს, 2 ივნისს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ მედიას აცნობა, რომ 2 ახალი პაციენტიც მარეთიდანაა.

მარნეული მკაცრი კარანტინის ზონად რჩებოდა 18 მაისამდე. მუნიციპალიტეტი მთლიანად ჩაიკეტა 23 მარტს, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მოქალაქის კორონავირუსით დაინფიცირების წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა და ინფექციის შიდა გადაცემად შეფასდა.

საქართველოს მთავრობამ მარნეულში მკაცრი კარანტინის რეჟიმის გაუქმება ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების გამო გადაწყვიტა. კარანტინის პერიოდში მარნეულში 1600-მდე მოქალაქეს ჩაუტარდა PCR ტესტირება. კორონავირუსი 25-მდე პირს დაუდასტურდა.

2 ივნისს დილით, კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 796-მდე გაიზარდა. მათგან 634 უკვე გამოჯანმრთელებულია. COVID-19-ით გარდაცვლილია 12 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG