Accessibility links

გიორგი ვაშაძე: ხალხო, ჩემი კანდიდატურა არ დამიყენებია ჯერ პრემიერობაზე


პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციურ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“ ხალხის თვალში აზიანებს პარტიული, რადიკალური განცხადებები.

დღეს, 2 ივნისს თბილისში გამართულ ბრიფინგზე ვაშაძემ თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს და არ დაუშვებს ოპოზიციის ერთიანობის დარღვევას: „მთავარი არის არა ის, რა უნდა გიორგი ვაშაძეს, ან რომელიმე პარტიას, არამედ მთავარი არის ის, რა სჭირდება დღეს საქართველოს. მე ახლა სასწრაფოდ ჩამოვედი რეგიონიდან, სადაც ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა შეხვედრა, რომელთაც ნომერ პირველი პრობლემა აქვთ გაჭირვება, შიმშილი და ის, თუ როგორ გამოკვებონ ოჯახი. მაგრამ რისი იმედიც მათ აქვთ, ეს არის ჩვენი ერთიანობა, ურღვეობა და ერთიანი ბრძოლის ფრონტი“.

„რაც შეეხება პრემიერობის საკითხს, გულწრფელად გეტყვით, რომ გუშინ ძალიან გამიკვირდა ეს რადიკალური განცხადებები. ერთი მხრივ, საუბარია, რომ არ განგვიხილავს, მეორე მხრივ, რადიკალური განცხადებები. მე, ხალხო, ჩემი კანდიდატურა არ დამიყენებია ჯერ გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში პრემიერობაზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

1 ივნისს, გაერთიანებული ოპოზიციის მორიგი შეხვედრის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა მედიას უთხრა, რომ მის პარტიაში პრემიერის პოსტზე გიორგი ვაშაძის კანდიდატურა არც განიხილებოდა, არც განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული.

ოპოზიციური გაერთიანების კიდევ ერთი წევრი პარტიის, „სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენელმა, ნიკა მაჭუტაძემ ჟურნალისტებს „გარანტირებულად“ განუცხადა, რომ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“ ეყოლება პრემიერობის საერთო კანდიდატი, მაგრამ ეს არ იქნება გიორგი ვაშაძე.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძის დასახელების იდეა 19 მაისს გამოთქვა ოპოზიციური გაერთიანების წევრი პარტიის - „კანონი და სამართალი“ - ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა. მისი განცხადებით, ამ საკითხში თანამოაზრეებიც ჰყავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG