Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19-ის ახალი შემთხვევების გამოვლენის გამო სამხრეთ კორეაში ზოგან კვლავ აწესებენ შეზღუდვებს


მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეაში კვლავ ზრდა დაიწყო კორონავირუსით ახალი ინფიცირებულების რაოდენობამ, დედაქალაქ სეულში რიგმა რაიონებმა სამშაბათს დაიწყეს მასობრივი თავშეყრის კვლავ შეზღუდვა. ხელისუფლება ხალხს მოუწოდებს, მოერიდოს ეკლესიებში ხალხმრავლობას.

ინფიცირების 38 ახალი შემთხვევიდან, ერთის გარდა, ყველა აღმოჩენილია მჭიდროდ დასახლებულ სეულში.

უკანასკნელ ხანებში გამოვლენილ ინფიცირების ასობით შემთხვევას უკავშირებენ სამუშაო ადგილებს, სადაც ადამიანები მჭიდრო კავშირში იმყოფებიან და სადაც არასათანადოდ იყო დაცული პრევენციული მეთოდები და თანამშრომლებს შორის დისტანცია. დაახლოებით ოცამდე შემთხვევა დაკავშირებულია ეკლესიებთან სეულში.

Associated Press-ის ცნობით, ჯანდაცვის მინისტრმა პარკ ნეუნგოომ მორწმუნეებსა და საავადმყოფოების თანამშრომლებს მოუწოდა, თავი აარიდონ არასაჭირო თავშეყრას და შეამცირონ დაავადების საფრთხე ხანდაზმულთა და რისკის შემცველ სხვა ჯგუფებს შორის.

მან ასევე მოუწოდა სკოლებს, გულდასმით შეამოწმონ პრევენციული მეთოდები გახსნასთან დაკავშირებით. ოთხშაბათს 1,8 მილიონამდე ბავშვი განაახლებს სკოლაში სიარულს.

სამხრეთი კორეა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, სადაც პანდემიის ადრეულ ეტაპზევე შემოიღეს საკარანტინო ზომები და ზომიერი სოციალური დისტანცირების რეჟიმი. მას შემდეგ, რაც ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი კონტროლს დაექვემდებარა, სამხრეთმა კორეამ საკარანტინო ზომების ეტაპობრივი გაუქმება დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG