Accessibility links

კაპანაძე: ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ოპოზიციის მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება l ტურში  


სერგი კაპანაძე

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია არჩევნების პირველი ტურისთვის საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება, ან პოზიციების კოორდინირება მაჟორიტარულ ოლქებში. სერგი კაპანაძის თანახმად, ახლა ესაა ნომერი პირველი ამოცანა და არა ის, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი:

„პრემიერობის კანდიდატები შეიძლება ყველა პოლიტიკურმა ძალამ დაასახელოს, ამაში არანაირი პრობლემა არ არის, ოღონდ ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საბოლოოდ, პრემიერ-მინისტრი ვინ იქნება, გადაწყდება იმით, თუ როგორი კოალიციური შეთანხმება იქნება. ამიტომ ახლა დიდი ყურადღების მიქცევა ამისთვის არ მგონია სწორად“, - განმარტა სერგი კაპანაძემ.

იგი ამბობს, რომ პირველ ტურში ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, გადალახოს წინააღმდეგობები და მოახდინონ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების კოორდინირება:

„ეს შეიძლება იყოს თანამშრომლობა, ეს შეიძლება იყოს კანდიდატების არდაყენება, ეს შეიძლება იყოს საერთო კანდიდატებზე შეთანხმება, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს პირველ ტურში ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. ანუ ეხლა მეორე ტურზე საუბარი, მაშინ როდესაც ოპოზიციაში დიდი პროცესებია დაწყებული, არ მგონია, რომ იყოს სწორი“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ პრემიერობაზე თავისი კანდიდატურა არ დაუყენებია.

1 ივნისს, გაერთიანებული ოპოზიციის მორიგი შეხვედრის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა მედიას უთხრა, რომ მის პარტიაში პრემიერის პოსტზე გიორგი ვაშაძის კანდიდატურა არც განიხილებოდა, არც განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული.

ოპოზიციური გაერთიანების კიდევ ერთი წევრი პარტიის, „სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენელმა, ნიკა მაჭუტაძემ ჟურნალისტებს „გარანტირებულად“ განუცხადა, რომ გაერთიანებას ეყოლება პრემიერობის საერთო კანდიდატი, მაგრამ ეს არ იქნება გიორგი ვაშაძე.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძის დასახელების იდეა 19 მაისს გამოთქვა ოპოზიციური გაერთიანების წევრი პარტიის - „კანონი და სამართალი“ - ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა. მისი განცხადებით, ამ საკითხში თანამოაზრეებიც ჰყავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG