Accessibility links

გია ჟორჟოლიანმა ფასიანი პოლიტიკური რეკლამის გაუქმების მოთხოვნით კანონპროექტი დაარეგისტრირა


საქართველოს პარლამენტის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა ფასიანი პოლიტიკური რეკლამების განთავსების გაუქმებაზე კანონპროექტი დაარეგისტრირა. დეპუტატი ფიქრობს, რომ, ერთი მხრივ, ფასიანი რეკლამების უფლების გაუქმებითა და, მეორე მხრივ, ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის უფასო სარეკლამო დროის თანაბრად მიცემით, საქართველოს კონსტიტუციის ჩანაწერი თანასწორობაზე დაცული იქნება.

"საარჩევნო სუბიექტების მიერ პოლიტიკური რეკლამით სარგებლობის, აგრეთვე დებატებში მონაწილეობის ერთნაირი პირობების მარეგულირებელი ნორმები შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციასთან, რაც ამჟამად სახეზე არ გვაქვს", - აღნიშნავს ის კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

დეპუტატს მიაჩნია, რომ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება, რომელიც ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს, პრივილეგიაა.

"დასავლური და თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნების მაგალითების ფონზე, ქართული საარჩევნო კანონმდებლობის ის ნაწილი, რომელიც არეგულირებს საეთერო დროის განაწილებას, უკიდურესად დისკრიმინაციულია არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიმართ", - განმარტავს ის.

ჟორჟოლიანის თქმით, იმის მიუხედავად, რომ პარლამენტში მყოფი პარტიების ხმების რაოდენობა მნიშვნელოვანი წილია, მხოლოდ მათ საჭიროებაზე არ უნდა იყოს მორგებული საქართველოს კანონმდებლობა:

"როდესაც ვამბობთ, რომ მნიშვნელობა აქვს, არის თუ არა პარტია უკვე წარმოდგენილი პარლამენტში, ეს ნიშნავს იმას, რომ პარტიას სხვაზე შესაძლებლობა ჰქონდა უკეთესად წარმოეჩინა თავი ამომრჩევლის წინაშე, მის მიერ გაცემული წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებით და სხვა სახის აქტივობებით".

კანონპროექტის კომიტეტებში განხილვის საბოლოო ვადა 22 ივნისია, პლენარულ სხდომაზე განხილვის თარიღი კი 18 სექტემბერი. მიღების შემთხვევაში, კანონი ძალაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შევა.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, პოლიტიკური რეკლამა დასაშვებია მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში. კვალიფიციური სუბიექტებისთვის (წინა თვითმმართველობის ან საპარლამენტო არჩევნების შედეგებით ზღვრის გადალახვა) ტელე- და რადიომაუწყებლებს უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება აქვთ, ხოლო არაკვალიფიციურ სუბიექტებს, ძირითადად, მხოლოდ ფასიანი რეკლამით სარგებლობა შეუძლიათ. დამატებით, კვალიფიციურ სუბიექტებს ფასიანი რეკლამისთვის თანხა ბიუჯეტიდან გამოეყოფათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG