Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმი "პროვოკაციულად" მიიჩნევს ქართულ ენაზე სწავლის შეზღუდვის შესახებ გამოქვეყნებულ ტვიტს 


საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა თამარ ბერუჩაშვილმა 1 ივნისს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც გამოსახულია გოგონა, რომელიც ეკლიანი მავთულხლართის ქვეშ მიცოცავს და ხელს საქართველოს დროშისკენ იწვდის. ამ გზით მან ბავშვთა დაცვის დღეს საერთაშორისო საზოგადოებას დე ფაქტო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შექმნილი ვითარება შეახსენა და დაწერა: "უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველი ბავშვები რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოკლებულნი არიან მშობლიურ ენაზე სწავლის უფლებას“.

დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში IMO-ში საქართველოს მუდმივი წარმმომადგენლის მიერ გამოქვეყნებული ტვიტი „პროვოკაციულად“ შეაფასეს და თამარ ბერუჩაშვილი დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს:

„სავსებით ნათელია, რომ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლის მორიგი ცინიკური გამოხტომა, რომელიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის ფონზე, ამ დღის გამოყენებით გაკეთდა, მკაფიოდ ზის აფხაზეთის რესპუბლიკის საინფორმაციო გაშავების პოლიტიკაში“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც თამარ ბერუჩაშვილი ბრიტანეთში საქართველოს ელჩადაა მოხსენიებული.

სოხუმში ამბობენ, რომ გალის რაიონის მოსახლეობა სარგებლობს მშობლიურ ენაზე სწავლისა და კიდევ სხვა ბევრი ფუნდამენტური უფლებით. დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამავდროულად მიუთითებენ, რომ „საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების მიერ აფხაზეთის მოქალაქეების საერთაშორისო ჰუმანიტარული უფლებები მრავალგზის და უხეშად ირღვევა“.

საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად აღნიშნავენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში ქართველი ბავშვების მიერ მშობლიურ ენაზე სწავლის შეზღუდვის პრობლემის შესახებ, განსაკუთრებით, გალისა და ახალგორის რაიონებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG