Accessibility links

ყირგიზეთის უშიშროება რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს ინფორმატორისგან ქრთამის აღებაში ადანაშაულებს


აერკენ საიმაიტი

ყირგიზეთის უშიშროების სამსახური რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის ჟურნალისტებს ადანაშაულებს 100 ათასი დოლარის მიღებაში თვითაღიარებული ფულის გამთეთრებლისგან, რომელიც მთავარი ინფორმატორი იყო ცენტრალური აზიის ქვეყნებში ფეხმოკიდებული კორუფციის მამხილებელი მასშტაბური ჟურნალისტური გამოძიების პროცესში.

აღნიშნული განცხადება 2 ივნისს გამომძიებლებმა გააკეთეს ჩინური წარმომავლობის უიღური ბიზნესმენის აირეკენ საიმაიტის მკვლელობის საქმეზე გამართული საპარლამენტო მოსმენის დროს. ბიზნესმენმა, რომელსაც წლების განმავლობაში ასობით მილიონი დოლარი გაჰქონდა ყირგიზეთიდან, ვიდრე გასული წლის ნოემბერში თურქეთში გაურკვეველ ვითარებაში მოკლავდნენ, გამომძიებელ ჟურნალისტებს წარუდგინა მრავალი ფინანსური ანგარიში, დამადასტურებელი იმისა, თუ როგორ გადაჰქონდა ყირგიზეთიდან თანხები ფარული ელექტრონული გადარიცხვებისა და კურიერების საშუალებით.

საიმაიტის სიკვდილის შემდეგ რადიო თავისუფლების ყირგიზულმა სამსახურმა, საიტმა Kloop-მა და OCCRP-მა (ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტი) გამოაქვეყნეს ერთობლივი გამოძიება, როგორც საიმატის ჩვენებებზე, ისე დამოუკიდებლად მოპოვებულ სხვა ანგარიშებზე დაყრდნობით, სახელწოდებით „ძარცვა და პატრონაჟი ცენტრალური აზიის გულში“.

გამოძიებაში ფიგურირებდა ყირგიზეთის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა, რაიმბეკ მატრაიმოვი, რომელიც უარყოფს საიმაიტისთან რაიმე კავშირს და ცილისწამებაზე სასამართლოში საჩივარი შეიტანა რადიო თავისუფლების წინააღმდეგ.

2 ივნისს საპარლამენტო კომისიაზე სიტყვით გამოსვლის დროს, ყირგიზეთის უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფის უფროსმა, სამიდინი-ულუ საგინბეკმა განაცხადა, რომ გამომძიებლებმა ორი მოწმისგან მიიღეს ჩვენება. ისინი აცხადებენ, რომ საიმაიტიმ 100 ათასი დოლარი გადაუხადა რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის (რადიო აზატიკის) ჟურნალისტებს.

ჩვენი კოლეგების მიმართ გამოთქმულ ბრალდებას გამოეხმაურა რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის პრეზიდენტი ჯეიმი ფლაი, რომელმაც ამას უწოდა სავარაუდო „შურისგება“ „კორუმპირებული ადამიანების“ მხრიდან, რომლებიც საკუთარი სიმდიდრისა და ძალაუფლების დაცვას ცდილობენ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG