Accessibility links

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში „უმკურნალებს რასიზმით მიყენებულ ჭრილობებს“


აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების სავარაუდო ერთიანი კანდიდატი ჯო ბაიდენი პირობას დებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში არ დაუშვებს „სიძულვილის ალის გაღვივებას“ და „უმკურნალებს რასიზმით მიყენებულ ჭრილობებს“, რაც დიდი ხნის განმავლობაშ ტანჯავს აშშ-ს.

ფილადელფიის მუნიციპალიტეტში გამოსვლის დროს ჯო ბაიდენმა 2 ივნისს პირველი კომენტარი გააკეთა აშშ-ში დაწყებულ ფართომასშტაბიან საპროტესტო გამოსვლებსა და ძალადობაზე, რაც 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის დაღუპვამ გამოიწვია.

პოლიციელების მიერ ქალაქ მინეაპოლისში დაკავებული, ყალბი ფულის გამოყენებაში ეჭვმიტანილი 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს გარდაიცვალა. გავრცელებული ვიდეოკადრების თანახმად, მიწაზე დაგდებულ ფლოიდს პოლიციელი რამდენიმე წუთის განმავლობაში აჭერს კისერზე მუხლს და ამას განაგრძობს მას შემდეგაც, რაც ფლოიდი ამბობს, რომ ვეღარ სუნთქავს.

აშშ-ში დაწყებულ ანტირასისტულ, სამშვიდობო დემონსტრაციებს ხშირად თან ახლავს ძალადობა, ძარცვა და ვანდალიზმი. მასობრივი არეულობების გამო 60-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადეს. პოლიციელების დასახმარებლად მობილიზებულია ეროვნული გვარდია.

1 ივნისს ლას-ვეგასში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს პოლიციის თანამშრომელი, რომლის მდგომარეობა ჯერჯერობით გაურკვეველია.

ლას-ვეგასის პოლიციის ცნობით, კიდევ ერთი პოლიციელი მონაწილეობდა სროლაში სხვა ადგილას. ორივე ინციდენტი ლას-ვეგასის ბულვარზე მოხდა.

1 ივნისს, თეთრი სახლის ბაღში გამოსვლისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ წესრიგის აღსადგენად სამხედროების დახმარებას გამოიყენებს.

„დღეს ეს პრეზიდენტი არის პრობლემის ნაწილი და აძლიერებს მას“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა და დასძინა, რომ ტრამპი „შეპრობილი და დაბრმავებულია საკუთარი ეგოთი“.

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ ესა, თუ ის ქალაქი, ან შტატი თავს არიდებს მოქალაქეთა სიცოცხლის და საკუთრების დასაცავად აუცილებელი ზომების მიღებას, შეიარაღებულ ძალებს გამოიყენებს და პრობლემას სწრაფად მოაგვარებს. 1807 წლის კანონი აშშ-ის პრეზიდენტს სამოქალაქო არეულობების დროს არმიის გამოყენების უფლებას აძლევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG