Accessibility links

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი სერგეი შოიგუმ მოსკოვში სამხედრო აღლუმზე მიიპატიჟა


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი მოსკოვში 24 ივნისისათვის დაგეგმილ სამხედრო აღლუმზე დაპატიჟა რუსმა კოლეგამ სერგეი შოიგუმ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოწვევა მოხდა სატელეფონო საუბრის დროს, რომელიც მინისტრებს შორის 2 ივნისს გაიმართა.

მაგრამ რუსეთის ოფიციალურ ცნობაში არაფერია ნათქვამი იმაზე, დათანხმდა თუ არა მოწვევას ესპერი.

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი, რომელიც ტრადიციულად 9 მაისს უნდა გამართულიყო, კორონავირუსის გამო გადაიდო და, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მოსკოვში წითელ მოედანზე 24 ივნისს გაიმართება
ურთიერთობა რუსეთსა და აშშ-ს შორის უკიდურესად გაუარესდა სირიისა და უკრაინის კონფლიქტებში რუსეთის მონაწილეობის გამო.

რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, სატელეფონო საუბრის შოიგუმ და ესპერმა იმსჯელეს შეიარაღების კონტროლისა და კორონოვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

ასევე შეეხნენ სირიაში კონფლიქტის დეესკალაციისა და ვითარების სტაბილიზაციის თემას, მიმოიხილეს ავღანეთსა და სხვა ქვეყნებში მყოფი სამხედრო ქვედანაყოფების უსაფრთხოების პრობლემატიკა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეფონით დაურეკა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და შესთავაზა წელს მოგვიანებით დიდი შვიდეულის (G7) გაფართოებული სამიტის გამართვა, რომელშიც რუსეთიც მიიღებს მონაწილეობას - აცხადებს კრემლი.

ტრამპის თქმით, რუსეთის ამ ჯგუფში ყოფნა მიზანშეწონილია, "რადგან ბევრი რამ, რასაც განვიხილავთ, რუსეთთანაა კავშირში".

თეთრი სახლის თანახმად, ტრამპმა და პუტინმა ასევე განიხილეს "კორონავირუსის პანდემიის დასამარცხებლად და ეკონომიკების გახსნის მიზნით ბოლო პერიოდში გაწეული ძალისხმევა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG