Accessibility links

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯარი ნიუ-იორკის ქუჩებში უნდა გამოვიდეს


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ აუცილებელია ამერიკის ჯარის გამოყვანა ნიუ-იორკის ქუჩებში. ტრამპის ამ განცხადების ფონია 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის დაღუპვის შემდეგ აშშ-ის მასშტაბით დაწყებული საპროტესტო გამოსვლები და არეულობა.

ორშაბათს გვიან ღამით დემონსტრანტებმა ჩაამსხვრიეს ვიტრინების ფანჯრები და გაძარცვეს ელიტური მაღაზიები ნიუ-იორკის მეხუთე ავენიუზე, ცეცხლი წაუკიდეს ლოს-ანჯელესის სავაჭრო ცენტრს.

პოლიციის ოთხი თანამშრომელი დაიჭრა ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული სროლის შედეგად სანტ-ლუისში და ერთი - ლას-ვეგასში. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ წესრიგის აღსადგენად შეიარაღებულ ძალებს გამოიყენებს და პრობლემას სწრაფად მოაგვარებს.

„ნიუ-იორკო, უხმე ეროვნულ გვარდიას! ნაძირლები და ხელმოცარულები ნაწილებად გგლეჯენ. იმოქმედე სწრაფად!“, - ასეთი შინაარსის განცხადება გაავრცელა ტვიტერით სამშაბათს დონალდ ტრამპმა.

აშშ-ში ერთი კვირაა გრძელდება საპროტესტო გამოსვლები პოლიციის მიერ დაკავებული აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო. ანტირასისტულ დემონსტრაციებს ხშირად თან ახლავს ძალადობა, ძარცვა და ვანდალიზმი. მასობრივი არეულობების გამო 60-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადეს. პოლიციელების დასახმარებლად მობილიზებულია ეროვნული გვარდია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG